ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაფუჭებაში ადანაშაულებს.

ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, მივა თუ არა ის ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე.

„როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებას აწყობენ ელჩები, კონკრეტული ელჩი ამ შემთხვევაში, ასეთ დროს მთავრობა არის ან მიწეული, ან არ მონაწილეობს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ტრაგიკული ადამიანი. მას ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება, გაღრმავება და სინამდვილეში აკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ რომ დავალება ჰქონდა ასეთი. ეს არის ტრაგიკული პიროვნება, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაფუჭებას აბრალებს. წარსულში კობახიძეს მსგავსი ბრალდებები ჰქონდა პაველ ჰერჩინსკის წინამორბედთანაც – ელჩ კარლ ჰარცელთანაც. 2022 წელს კობახიძე ამბობდა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.