დღეს, 5 მაისს, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დენის გაძვირებულ ტარიფთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, დენის ფასის გაძვირება მაშინ, როცა მისი საერთაშორისო ფასი არ გაზრდილა, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების საწარმოების დასაფინანსებლად მოხდა.
დღევანდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ მის მიერ პირადად გადახდილი დენის გადასახადის მაგალითზე ახსნა, თუ როგორ ნაწილდება მოქალაქეების მიერ დენში გადახდილი ფული ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ.
„არ ვიცი, მოგივიდათ თუ არა უკვე გაზრდილი გადასახადი, მე მომივიდა და გადავიხადე. აგერ მაქვს ორი ქვითარი: შარშანდელი ამ დროს, დაახლოებით იგივე ხარჯვით, და ახალი იგივე ხარჯვით. 83 ლარი იყო შარშან და 103 ლარია ახლა. სხვაობა არის 20 ლარი. ხომ გვაინტერესებს, ეს 20 ლარი რა არის? მე მინდა, რომ ჩაგიშალოთ, 20 ლარი სად მიდის სინამდვილეში, კონკრეტულად რომელ ჯიბეებში მიდის, ციფრების მიხედვით.
თქვენ იცით, რომ ერთი მესამედით გაძვირდა დენი, სახელმწიფომ გააძვირა ოფიციალურად, სხვა ფასებს რომ იკვლევს, იმ სახელმწიფომ. მაშინ, როცა საერთაშორისო ფასი დენის არ გაზრდილა. მოდით, დავიწყოთ და ჩავშალოთ 20 ლარი:
- სად წავიდა 4 ლარი? – შიდა მაინინგში წავიდა 4 ლარი. ეს არის ეგრეთ წოდებული საწარმოები, რომელიც ორია საქართველოში მსხვილი – ეს არის ქუთაისის და თბილისის საწარმოები – და ორივე არის ბიძინა ივანიშვილის, მასთან დაკავშირებული საწარმოებია და ეს საწარმოები არ იხდის არცერთ გადასახადს: არ იხდის დღგ-ს, არ იხდის მოგების გადასახადს, არ იხდის ქონების გადასახადს. არ ასაქმებს პრაქტიკულად არავის, ძალიან ცოტა ადამიანს ასაქმებს, არ ქმნის დოვლათს. ბიძინა ივანიშვილი წერს ფულს და მერე ლექავს უცხოეთის ანგარიშებზე. აი, ამაში მე პირადად, თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ თქვენ ნაწილში, 4 ლარი მივეცი ბიძინა ივანიშვილის გამდიდრებას.
- შემდეგი: იმავენაირად ხდება დენის გადადინება აფხაზეთში. ნაცვლად 40%-ისა, რომელიც უნდა მიდიოდეს ენგურჰესიდან, მიდის 90%. უზარმაზარი სხვაობაა. სად მიდის ეს ფული? ეს ფული მიდის იმიტომ, რომ აფხაზებმა არ გადაიხადონ არცერთი თეთრი ელექტროენერგიაში, განსხვავებით ჩვენგან, ვინც 20 თეთრს ვიხდით. არაფერს არ ვერჩი აფხაზ ხალხს, მაგრამ მე ჩემი ხალხის გულისტკივილი მაქვს და არა პირადი. 4 ლარი მიდის აქ – ნამეტი 4 ლარი. სხვაობა, რომელიც ხელშეკრულების ზემოდან მიდის აფხაზეთში, ხელშეკრულების დარღვევით, არის 4 ლარი ამ 20 ლარიდან. რატომ? – მარტო ხალხს კი არ მიეწოდებათ – მიეწოდებათ აფხაზ კრიმინალებს, რომლებიც ზუსტად იმავეს შვრებიან, ოღონდ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, იქაც ფულს აკეთებს ბიძინა, ანუ ეგრეთ წოდებულ მაინინგს – ბიტკოინებს, რომელიც არაფერში არ აისახება ბიძინა ივანიშვილის პირადი შემოსავლის გარდა. ეს კიდევ ერთი 4 ლარი, ანუ 20-დან უკვე, ჯამში, გვაქვს 8 ლარი.
- ნარმანიამ როდესაც ელექტროტარიფის გაძვირება შემოიტანა, თქვა, რომ 5-დან 7 ლარამდე გამოდიოდა ქსელის რეაბილიტაციის ინვესტიცია, აი, ჩემი 20 ლარიდან რომ ჩავთვალოთ, იმიტომ, რომ მოხმარება გაიზარდაო. რაში გაიზარდა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება? ახალ საწარმოებში? – რა თქმა უნდა, არა, იმიტომ, რომ არაფერი არ გახსნილა. აბა, რაში? – მაინინგში კიდევ ერთხელ! ანუ ბიტკოინების წარმოებაში, რომელიც ამ ქვეყანაში ძირითადად ბიძინა ივანიშვილის ან მისი ხროვის ფულის საჭრელი დაზგაა. ეს 5-7 ლარი, რომელიც ჩემი 20 ლარიდან გავიდა ახალი ტარიფის წარდგენის გამო, არის ბიტკოინების, ანუ ბიძინა ივანიშვილის. ესეც თქვენი, ჯამში, 15 ლარი ჩემი ზედმეტად დახარჯული 20 ლარიდან და თქვენი ზედმეტად დახარჯული 20 ლარიდან.
- დაბოლოს: აი, ეს ყველაფერი, ეს ხარჯვა რომ მიმდინარეობს გამალებული და გადამეტებული და არაფერი აქედან ჩვენ ხეირი არ გვაქვს, ჩვენი ელექტროენერგიის გაძვირების გარდა, ორ რამეს უზრუნველყოფს. ჯერ ერთი, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ენერგოდეფიციტი გვექმნება, ანუ ჩვენი ენერგოუსაფრთხოება პრობლემური ხდება და ამით ვეჯაჭვებით კიდევ უფრო მეტად რუსეთს და ეს ალბათ გვესმის რაც არის. ამის გარდა, სეზონებზე, სადაც ექსპორტიორი ვართ, ანუ ვყიდით ელექტროენერგიას, ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს და, შესაბამისად, ვკარგავთ უამრავ ფულს. ჩემი 20 ლარიდან ეს არის 3 ლარი დანაკარგი. ესეც უკვე, ჯამში, 18 ლარი. ასევე, სხვა სეზონზე, სადაც დანაკლისი გვაქვს, ჩვენი იმპორტი იზრდება, ანუ რუსეთიდან და თურქეთიდან ვყიდულობთ ბევრად მეტ ელექტროენერგიას, რომელიც გვიწევს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს ამ ფულს საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. ესეც კიდევ დამატებითი 2 ლარი ჩემი 20 ლარიდან. ესეც თქვენი ჯამური 20 ლარი, მეგობრებო. ჩემი 20 ლარიც ეს არის, თქვენი 5, 10, 15 თუ 50 ლარი, რომელიც სხვაობა გექნებათ შარშანდელ წელთან შედარებით, ასევე ამგვარად შეივსება და ესეც ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში წასული ერთი მესამედით გაზრდილი ტარიფი შარშანდელთან შედარებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
დღევანდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ ასევე ისაუბრა სასურსათო პროდუქტებზე გაზრდილი ფასების შესახებ და განმარტა, თუ როგორ აისახება დენის ტარიფის გაძვირება პროდუქტების ფასებზე.
„არ გეგონოთ, რომ ამით მთავრდება თქვენი ფულის მოპარვა გაზრდილი დენის ტარიფის ხარჯზე. მაგალითად, დენის ტარიფი ისეთივე შეღავათიანი რომ იყოს ფერმერებისთვის, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილის რაღაცა ბიტკოინების საწარმოსთვის, 10%-ით იაფი ეღირებოდა ყველაფერი, რასაც სჭირდება სათბური და ეს პირველ რიგში არის 15-ლარიანი პომიდორი, 10-ლარიანი კიტრი, მწვანილი უმძიმესად გაძვირებული, კარტოფილი და ასე შემდეგ. ეს არა მხოლოდ სათბურს ეხება.
მაგალითად, გეტყვით, დენის გაძვირებამ რა გამოიწვია ფასებში. პური გაძვირდა 5-დან 10%-მდე. ეს არის 30-დან 40% – თითო პურში დაახლოებით 20 თეთრი არის ბიძინა ივანიშვილის, კვერცხი გაძვირდა 6%- მდე – 50 თეთრს თუ ავიღებთ თითო კვერცხის ფასს, სადღაც 3-4 თეთრი ამ ერთ კვერცხში არის ბიძინა ივანიშვილის. 7-დან 12%-მდე ელექტროენერგიის ფასი შედის, მაგალითად, რძეში, ერთ ლიტრში – 5 ლარიდან თუ ავიღებთ და გაძვირებას გადავამრავლებთ, გამოდის, რომ სადღაც 50 თეთრის მესამედი არის ბიძინა ივანიშვილის – ანუ 15 თეთრი ერთ ლიტრ რძეში არის ბიძინა ივანიშვილის. ყველი 20- ლარიანი – დაახლოებით იგივე 7 %-ით ანუ სადღაც 50 თეთრამდე ერთ კილოგრამ ყველში არის ბიძინა ივანიშვილის.
ასე შემიძლია გითხრათ, რამდენი თეთრი არის თითო, ზოგჯერ ლარამდე ადის, მაგალითად, ხორცის შემთხვევაში, თითო პროდუქტში ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილის საწარმოებს ვინახავთ ჩვენი ჯიბიდან, მეგობრებო. არ გეგონოთ, რომ კორუფცია არის მარტო ფულის კეთება ატკატებით ტენდერებზე. არა! ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსება. აი, ეს არის კაცი, რომელსაც ვეძახით ქველმოქმედს, სინამდვილეში, ჩვენ ვართ იძულებითი ქველმოქმედების რეჟიმში და ვაფინანსებთ მის მიერ ფულის კეთებას უზარმაზარი ოდენობით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
