რუსული მედია ერევნის ევროპულ სამიტს აკრიტიკებს და სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე „დარტყმად“ აფასებს.

რუსულმა მედიამ ფართოდ გააშუქა ერევანში ჩატარებული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, განსაკუთრებით კი – უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი. რიგი გამოცემები ამ მოვლენებს აფასებენ სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე სერიოზულ დარტყმად.

კერძოდ, გამოცემა „Свободная пресса“ [სვობოდნაია პრესა] წერს, რომ „ერევანში ამჟამად მიმდინარეობს მოკავშირეობრივი ურთიერთობების ნარჩენების საბოლოო და შეუქცევადი დემონტაჟი“ და აღნიშნავს, რომ ზელენსკი ერევანში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა.

სტატიაში, სათაურით „ზელენსკი ერევანში: ფაშინიანისგან ბევრს ვერაფერს მიიღებ, მაგრამ „მეგობრულ კომპანიაში“ შეიძლება მოსკოვს კავკასიის მთებიდან მუშტი დაუქნიო“, ხაზგასმულია, რომ სომხეთში, რომელიც ფორმალურად კვლავ რუსეთის მოკავშირედ ითვლება და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, დასავლელი ლიდერები შეიკრიბნენ.

გამოცემა წერს, რომ ერევანში იმყოფებიან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი და სხვა ლიდერები, რომლებიც, ავტორთა შეფასებით, განიხილავენ  როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასა და რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებას.

პუბლიკაციის ავტორების აზრით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაახლოება და შიდაპოლიტიკურ პროცესებში მხარდაჭერის მიღება. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ზელენსკის მონაწილეობა სამიტს დამატებით პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს და ყურადღებას ამახვილებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე.

ასევე ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანმა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა, ხოლო ქვეყნის პარლამენტმა ევროკავშირთან თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც სტატიის ავტორები „ანტირუსულ და ანტიაზერბაიჯანულ“ ნაბიჯად აფასებენ.

გამოცემა წერს, რომ აზერბაიჯანი ინარჩუნებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც ევროპას არ აქვს უფლება, მას საკუთარი პირობები უკარნახოს, მაშინ როცა სომხეთი ცდილობს სხვადასხვა მიმართულებას შორის ბალანსის პოვნას.

ამავე თემაზე „Московский комсомолец“ ციტირებს სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, ანდრეი კლინცევიჩს, რომლის თქმით, ერევნის ეს ნაბიჯი მიუთითებს ევრაზიული ინტეგრაციისგან დაშორების კურსზე. მისი შეფასებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ჩატარება ქვეყანაში, რომელიც ფორმალურად კვლავ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, ეწინააღმდეგება არსებულ შეთანხმებებს.

მისი განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება ცდილობს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იმოქმედოს, რაც, მისი აზრით, არამდგრადი სტრატეგიაა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერის მიწვევა იმ პლატფორმაზე, სადაც რუსეთის ინტერესებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, მოსკოვის ყურადღების გარეშე არ დარჩება.

ამასთან, გამოცემა „Газета.Ru“-სთან საუბარში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ალექსანდრ ტოლმაჩევმა განაცხადა, რომ სომხეთი შესაძლოა „უკრაინის გზას დაადგეს“, თუ არასწორ გეოპოლიტიკურ არჩევანს გააკეთებს. მისი თქმით, ქვეყანა რისკავს, რომ „ევროპის პოლიტიკურ თამაშებში ინსტრუმენტად იქცეს“.