სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობით ჯგუფ “ვარჩაბენდის” გამართული კონცერტები საარჩევნო აგიტაციის ფორმად უნდა ჩაითვალოს – ამის შესახებ დამკვირვებელთა კოალიცია „დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა“ განაცხადა. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

კოალიციამ განაცხადა, რომ 19 აპრილის გიუმრის კონცერტი და 25 აპრილს ერევანში დაგეგმილი ღონისძიება მმართველი პარტიის სააგიტაციო ღონისძიებებად უნდა ჩაითვალოს, შესაბამისად, მათი დაფინანსება პარტიების შესახებ კანონის მოთხოვნებით უნდა მომხდარიყო.

2026 წლის 7 ივნისს სომხეთში  საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სადაც მმართველი პარტიაც მონაწილეობს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გიუმრიში გამართულ ღონისძიებაზე დაფიქსირდა საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა იძულებით მიყვანის შემთხვევებიც.

ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ კომისიას ოფიციალურად მიმართა და გარემოებების სამართლებრივი შეფასება მოითხოვა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარი მუსიკალური ბენდის Varchaband პირველი საჯარო კონცერტით ერევანში 30 იანვარს წარდგა. ბენდის სახელწოდება, Varchaband, წარმოიშვა სომხური სიტყვის „პრემიერ-მინისტრი“ ორი პირველი სილაბისგან და ინგლისური სიტყვა „band“-ის გაერთიანებით.