ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ ჰერჩინსკი მიწვეული იყო ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე.

“დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ევროკავშირი საქართველოს  გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა არაერთხელ დაადასტურა საქართველოს წინსვლის სურვილი .

ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, გვჯერა, რომ ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.

ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.

ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს”, – წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო სამინისტროში ჰერჩინსკის დაბარების მიზეზი გახდა ბრიუსელში, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიებისა და მის ფარგლებში გაკეთებული განცხადება.

“საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება… ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ”, – განაცხადა ბრიუსელში პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ელჩის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები “ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას”.

“ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო, რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება ამ საზოგადოების პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ასევე, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, სად ამოიკითხა მუქარა პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში, ბოჭორიშვილმა უპასუხა:

“თქვენ გაამართლეთ ის, რაც მოისმინეთ… მე გეტყვით, რომ ის განცხადებები, ქმედებები, ნაბიჯები, რაც ბრიუსელის მხრიდან იდგმება, ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ვხედავთ, არის მიუღებელი და მიმართულია პოლარიზაციისკენ”, –  დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამავე თემაზე: