საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ბრიუსელში, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე დაიბარეს.
უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები „ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას“.
„სამწუხაროდ, ბრიუსელის ქმედებები მხოლოდ როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება შეფასდეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისათვის და ევროკავშირის მხრიდან მოელის სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება და გაიგებს, რომელ გზაგასაყარზე დგას ეს ქვეყანა“.
„ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო, რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება ამ საზოგადოების პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ასევე, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, სად ამოიკითხა მუქარა პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში, ბოჭორიშვილმა უპასუხა:
„თქვენ გაამართლეთ ის, რაც მოისმინეთ… მე გეტყვით, რომ ის განცხადებები, ქმედებები, ნაბიჯები, რაც ბრიუსელის მხრიდან იდგმება, ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ვხედავთ, არის მიუღებელი და მიმართულია პოლარიზაციისკენ“, — დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭირიშვილს ჰკითხეს, ირანის ელჩის განცხადება იყო თუ არა მუქარაშემცველი და ის რატომ არ დაიბარეს საგარეო მინისტრთან შეხვედრაზე.
საუბარია საქართველოში ირანის ელჩის მუქარანარევ პოსტზე, რომელიც მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო ზარის შემდეგ გამოაქვეყნა. ალი მოჯანი წერდა, რომ „როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს“.
„თქვენ თუ გაინტერესებთ ირანის ელჩთან გვაქვს თუ არა იმავენაირად ურთიერთობა და როცა გვაქვს გარკვეული წუხილები, გვაქვს თუ არა კომუნიკაცია, გეტყვით, რომ კი. სამინისტროს აქვს დიპლომატიური საქმიანობის განხორციელების თავისი რესურსი და ყოველთვის აკეთებს იმას, რაც არის საჭირო. დიალოგი ყველა ელჩთან არის, ვისთანაც ამის საჭიროება დგება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა, თუმცა ვერ უპასუხა კითხვას, რა უთხრა ირანის ელჩს.
ბოჭორიშვილთან დღევანდელი შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც. საელჩოს ცნობით, „პაველ ჰერჩინსკი მიწვეული იყო შეხვედრაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან და მათ შორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ“.
„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა საქართველოს წინსვლის სურვილი არაერთხელ დაადასტურა. ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, გვჯერა, რომ ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.
ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად“, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას.
„უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას. ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს“, — ნათქვამია განცხადებაში.
22 აპრილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, განაცხადა, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას.
„საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება… ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.“, — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინკის განცხადებას მოჰყვა „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის მანიპულაცია, თითქოს ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით ემუქრება. კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაიბარონ.
