აზერბაიჯანის მოქალაქის პირადობის მოწმობის მიღების შემდეგ, საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებულმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა ამჯერად საზღვარგარეთის პასპორტის მისაღებად მიმართა ოფიციალურად აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისების ცენტრს.
“დღეს აფგან სადიგოვი სახელმწიფო სერვისების ცენტრს უცხოეთის პასპორტის მისაღებად მიმართავს. დიდი ხნის განმავლობაში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი დაბრკოლებების, ყალბი სისხლის სამართლის საქმის, უსაფუძვლო ძებნის გადაწყვეტილებისა და მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, საბოლოოდ ჩვენი ოჯახის გაერთიანების გზაზე მორიგ კანონიერ ნაბიჯს ვდგამთ”, – წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლი სევინჩ სადიგოვა ფეისბუკზე.
2026 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული Facebook პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.]
2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
სევინჩ სადიგოვას ცნობით, აფგან სადიგოვმა უკვე მიიღო პირადობის მოწმობა.
“ეს მრავალწლიანი განშორების დასრულების, ჩვენი ოჯახის ხელახლა გაერთიანებისა და აფგანის სრული უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია”, – წერს სადიგოვა.
დღეს უკვე 23 დღეა, რაც სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანშია დეპორტირებული.
ალიევის რეჟიმის მწვავე ოპონენტი და პოლიტპატიმარი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ნახევარ წელზე მეტი ხნით დააპატიმრა და შემდეგ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდა, თბილისში ყოფნის დროს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებში ყოველდღიურად მონაწილეობდა.
