თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სადილზე, ვაშინგტონში, სასტუმრო ჰილტონში, რომელსაც დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპიც ესწრებოდნენ, აშშ-ის დროით, შაბათ საღამოს დაახლოებით 8:35 საათზე, შეიარაღებულმა პირმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტის გარღვევა სცადა და საიდუმლო სამსახურის აგენტის მისამართით გაისროლა.
აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ღონისძიებიდან დაუყოვნებლივ გაიყვანეს. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის კალიფორნიელი კოულ ტომას ალენია, 31 წლამდე. სავარაუდოდ, მასწავლებელი, ლოს-ანჯელესთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქიდან. ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, მას დანებიც ჰქონდა. ხოლო აგენტის შესახებ, რომელსაც ესროლეს, ცნობილია, რომ ჯავშანჟილეტი ეცვა და თავს კარგად გრძნობს.
დაახლოებით ერთ საათში, რაც ღონისძიებიდან გაიყვანეს, ტრამპმა Truth-ზე დაწერა და მისგან გახდა ცნობილი, რომ მსროლელი დაკავებული იყო, რომ საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცველებმა ფანტასტიკურად იმუშავეს და დიდი სიმამაცე გამოავლინეს. ოდნავ მოგვიანებით, ისევ თავად ტრამპმა განაცხადა, რომ მსროლელი სავარაუდოდ, „მარტოხელა მგელია“, რომელსაც სამიზნედ ტრამპი ჰყავდა და არ აქვს კავშირი ირანში მიმდინარე ომთან. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის სასტუმრო ჰილტონში იყო გაჩერებული. თუმცა CBS News წერს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, კოულ ალენმა სამართალდამცველებთან ახსენა, რომ სამიზნედ ოფიციალური პირები ჰყავდა და ტრამპი არ დაუკონკრეტებია.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა სადილი 1921 წლიდან იმართება და მას ყველა პრეზიდენტი თავის საპრეზიდენტო ვადაში ერთხელ მაინც დასწრებია. დონალდ ტრამპი ამ სადილს, როგორც პრეზიდენტი, პირველად ესწრებოდა წლების ბოიკოტის შემდეგ. მონაწილეობა ღონისძიებაში მას არც პირველი პრეზიდენტობისას მიუღია, რამდენადაც ღიად მტრულ დამოკიდებულებას ავლენდა მედია-ორგანიზაციების მიმართ. სადილს 2600 ადამიანი ესწრებოდა. ღონისძიება მომხდარის შემდეგ გაუქმდა და როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ის მოგვიანებით მაინც შედგება.
ტრამპის მკვლელობის ორი მცდელობა იყო 2024 წელს. ვაშინგტონ ჰილტონში კი, სადაც შაბათ საღამოს თეთრი სახლის კორესპონდენტთა სადილი იმართებოდა, 1981 წელს პრეზიდენტ რეიგანზე თავდასხმაც სცადეს.
თავდასხმა დაგმეს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებმა, მათ შორის, ერთ-ერთი პირველები ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ვენესუელაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყვნენ.
