ირაკლი (დაჩი) ბერაია შემოსავლების სამსახურის უფროსი აღარაა.
ის გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად პროსამთავრობო მედიამ გაავრცელა, „ნეტგაზეთს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.
ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2025 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე, სულ 2 თვის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ბერაია 2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.
პოლიტიკურ საქმიანობამდე „ქართუ ბანკში“ მუშაობდა.
ირაკლი (დაჩი) ბერაია საზოგადოების ფართო მასებმა ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების ამბით გაიცნო, რომელთაც 2020 წელს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ თავიანთივე ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტს.
გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის პოსტი წლების განმავლობაში ვაკანტური იყო. გიორგი გაბიტაშვილს კიდევ სამი მოადგილე ჰყავს: სოფიო დვალიშვილი, გიორგი ბადაშვილი, ბაკურ აბულაძე. როგორც გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი, ისე მისი მოადგილე გიორგი ბადაშვილი სხვადასხვა დროს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდნენ.
