„ქართული ოცნების“ წევრი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ტყუილებზეა დაფუძნებული და მმართველი პარტიისთვის ფასი არ აქვს.
„ეს არის აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიში და ჩვენთვის დიდი ფასეულობა არ აქვს. თან რაღაც ვითომ მუქარებიც გაურიეს, რომ საერთაშორისო სასამართლოებში აპირებენ წასვლას. ჩვენ ამას მივესალმებით, ძალიან მომწონს ეს იდეა, რადგან იქ არანაირი მტკიცებულება არ იქნება წარდგენილი იმიტომ, რომ ტყუილებზე არის დაფუძნებული და წარმდგენლების სასამართლოდ გადავაქცევთ ამას. ჩვენ დავიწყებთ იმის მტკიცებას, იქ ვინ გაავრცელა ეს ტყუილი ინფორმაცია, რა მიზნით გაავრცელა და ა.შ…
რამდენიც ასეთი ტყუილი „ფეიკებით“ წავიდნენ საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენი ე.წ. რადიკალი ოპონენტები, რით დამთავრდა, კარგად გახსოვთ. ასე რომ, ეს მუქარები თავისთვის შეინახონ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა.
ანგარიში განიხილავს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე მომხსენებელია პროფესორი პატრიცია გჟებიკი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ადგილი ჰქონდა დემოკრატიის მკვეთრ უკუსვლას. მომხსენებლის თანახმად, გამოიკვეთა მომიტინგეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სხვა სახის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობამ, სავარაუდოდ, წამების ზღვარს მიაღწია, რასაც თან ახლავს ამ დარღვევების ჩამდენთა თითქმის სრული დაუსჯელობა.
მანდატის შესაბამისად, მომხსენებელმა შეაფასა მიმდინარე მოვლენები საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში და ამის საფუძველზე შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
რეკომენდაციებს შორის არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება.
ასევე, ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანგარიშში აღწერილ განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევებზე.
ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობას ეძლევა რეკომენდაცია, განიხილონ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირებისა და მათი პასუხისმგებელი ზემდგომების გასამართლება ეროვნულ სასამართლოებში, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის, უნივერსალური იურისდიქციის გამოყენების გზით. უნივერსალური იურისდიქციის გამოყენება სახელმწიფოებს აძლევს უფლებას, დასაჯონ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მაგალითად, წამების) ჩამდენი პირები, მიუხედავად იმისა, სად მოხდა დანაშაული ან რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშში
