გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აქვეყნებს ბადენ-ვიურტემბერგში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და წუხილს გამოთქვამს მათ გამო, ვისაც საქართველოში ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) იმედი აქვს.
2026 წელს გერმანიაში დაგეგმილი ხუთი რეგიონული არჩევნებიდან პირველი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთის მხარეში, ბადენ-ვიურტემბერგში ჩატარდა, „მწვანეების“ გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე-ცენტრისტული ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, AfD კი — მესამეზე. „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ ხუთი წლის წინანდელ არჩევნებთან შედარებით ხმების რაოდენობა გაიორმაგა, მიუხედავად ამისა, დაახლოებით 10%-ანი სხვაობით ჩამორჩება როგორც პირველ, ისე მეორე ადგილზე გასულ პარტიებს. 5%-ანი ბარიერის ზღვარზეა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა.

„ბადენ-ვიურტემბერგის პარლამენტის არჩევნები. დიდი უმრავლესობა ლიბერალური დემოკრატიის მომხრეა, ევროკავშირის მომხრეა. ძალიან ვწუხვარ მათ გამო საქართველოში, ვინც იმედებს ამყარებს AfD-ზე. ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ბადენ-ვიურტემბერგი მოსახლეობის რაოდენობით მესამე ყველაზე დიდი მხარეა გერმანიაში. მისი ეკონომიკა შვედეთის ან ბელგიის ზომისაა, მსოფლიოს საუკეთესო 25-ეულშია“, — წერს პეტერ ფიშერი.
AfD-ის გულშემატკივრებში ელჩი, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ გულისხმობს — ამ ორის თანმხვედრი პოპულისტური და ევროსკეპტიკური პოზიციების გამო. ბოლო პერიოდში „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ როგორც გერმანიის ბუნდესტაგში, ასევე ევროპარლამენტში დააინიციირა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციები, რომლებმაც მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) არის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია, რომელიც 2013 წელს დაარსდა და გერმანიაში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. AfD გამოირჩევა ევროსკეპტიკური, ნაციონალისტური, ისლამოფობიური და პრორუსული პოზიციებით. ნიშანდობლივია, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)“ წევრი შტეფან კეუტერი 2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნებზე დამკვირვებლად“ იმყოფებოდა. ის ამავდროულად „ყირიმის მეგობართა ლიგის“ წევრია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ გერმანიის წარმომადგენლები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლით დაარღვევდნენ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას.
„ეს გახლავთ ულტრამემარჯვენე პარტია, იმყოფებიან რუსული გავლენის ქვეშ, რასაც ისიც მოწმობს, რომ დაფინანსება მათი ვიზიტისა აფხაზეთის რეგიონში განხორციელდა რუსული მხარის მიერ“, — თქვა 2019 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ალტერნატივას გერმანიისთვის“ რუსული გავლენის პარტიას აღარ უწოდებს და მას „პატრიოტულ ძალად“ აფასებს.
