“პროკურორს და მოსამართლეს მოუწოდა, რომ დაემხოთ?” – ამ კითხვას სვამს ადვოკატი, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაწყებულ ახალ გამოძებაზე.

ადვოკატის თქმით, გარდა იმისა, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადება საჯარო მოწოდებად ვერ ჩაითვლება, ივანიშვილის დამხობისკენ მოწოდებაც ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებად.

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება გუშინ, 9 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს “საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ”.

ბაჩო ახალაიასთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაიწყო გამოძოება. დვოკატისა და ოჯახის ინფორმაციით, მას ედავებიან დახურულ სასამართლო სხდომაზე გახმიანებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს.

“ბრალი ეხება საჯაროდ მოწოდებას და ეს განცხადება გაკეთებული არის დახურულ სასამართლო სხდომაზე, სადაც მხოლოდ პროკურორი და მოსამართლე იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მოწოდება ვის უკავშირდება? პროკურორს და მოსამართლეს მოუწოდა, რომ დაემხოთ? თუ რას უკავშირდება მათი განცხადება და რაზე დაიწყეს გამოძიება … ძალიან არარეალურია. გარდა ამისა, გავრცელებულია აზრი, რომ ის [ბაჩო ახალაია] ასე ფიქრობს, თორემ მოწოდების კონტექსტი ამას არც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ასეა გასაკეთებელი, საჯაროდ ეს არავისთვის მოუწოდებია.

[…] ფიზიკურად ბიძინა ივანიშვილი არ წარმოადგენს პირს, ვისაც თანამდებობა უკავია. აქ შეიძლება სწორედ ის საკითხი გაეპარათ, რომ როგორც ბაჩანა ახალაია ამბობს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის რეალური მმართველი და ის მართავს სახელმწიფოს, მათაც ასე აღიქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამხობა სახელმწიფოს დამხობასთან ასოცირდება. ეს იყო მთავარი კონტექსტი. ამის გამო დაიწყეს გამოძიება. თორემ, რეალურად, სამართლებრივად რომ შეხედო, ბიძინა ივანიშვილი არ არის ისეთი თანამდებობის პირი, რომ მის წინააღმდეგ დამხობის განცხადების გაკეთება რაიმე დანაშაულის შემცველი იყოს”, – ამბობს ახალაიას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი TV პირველთან საუბრისას.

ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის თქმით, მსგავსი განცხადება ბრალდებულს სხვა სხდომებზეც გაუკეთებია. ნადარეიშვილი ამბობს, რომ ახლა მხოლოდ იმიტომ წარუდგინეს ბრალი, რომ სხდომიდან გავრცელებული ჩანაწერები, სადაც ახალაია ამ საკითხზე საუბრობს, სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა.

“ეს მუხლი, 317-ე მუხლი, არის სახელმწიფოს კონსტიტუციის დამხობა. რომელია აქედან ბიძინა? სახელმწიფოა, კონსტიტუციაა, მთავრობაა? იქნებ განგვიმარტონ, რომ ჩვენც ვიცოდეთ. მაგალითად, ის მუხლი, რომელიც შემოიტანეს არალეგიტიმურად ცნობასთან დაკავშირებით, ბატონ ბიძინაზე არ ვთქვათ … ვცნოთ ლეგიტიმურად ბატონი ბიძინა?! გამოდის, ეს ხელისუფლება თვითონ აღიარებს, რომ არალეგიტიმურია და არარსებულია.

ბევრჯერ ახსენა ბაჩო ახალაიამ ეს ფრაზა. არა მარტო ბოლო სასამართლო სხდომაზე, არამედ მანამდეც […] ციხიდან გამოგზავნილი გზავნილითაც, რომელიც ტელევიზიით გავიდა არაერთხელ. მაგრამ, გუშინ ჩემს სოციალურ ქსელში ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფრაზებს და ისე გავრცელდა ვირუსულად, რომ ამის გამო დაიწყეს გამოძიება, ძალიან გავრცელდა და შეეშინდათ.

[…] საერთოდ არაფერს არ ნიშნავს რამე მუხლების დამატება კიდევ. იმიტომ, რომ ადამიანი ჩუმად იყო, პოლიტიკაში არ ერეოდა, იჯდა თავის საკუთარ სახლში, სამზარეულოში, შვილებთან და ოჯახთან ერთად, შემოვარდნენ, დააკავეს არაფრის გამო საერთოდ […] ილაპარაკებ თუ არა რამეს, არ აქვს მნიშვნელობა და რამდენ მუხლს წაგიყენებენ, იმასაც არ აქვს მნიშვნელობა. რამდენი ხანიც უნდათ, იმდენი ხანი ჩაგსვამენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი მალე დაემხობა”, – ამბობს ანი ნადარეიშვილი TV პირველთან საუბრისას.

როგორც ახალაიას ცოლი, ისე მისი ადვოკატი ყურადღებას ამახვილებენ კიდევ ერთ გარემოებაზე. ისინი სვამენ კითხვას, თუ ახალაიას განცხადებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ ჰქონდათ რეაგირება პროკურორსა და მოსამართლეს სხდომაზევე, უშალოდ ამ განცხადებების გაკეთების შემდეგ.

“არც პროკურორს და არც მოსამართლეს არ ჩაუთვლიათ, რომ ეს დანაშაულის შემცველია და თავად არ მიუმართავთ, რომ გამოძიება დაეწყოთ. მით უმეტეს, რომ ორივე მათგანს ვალდებულება აქვთ, რომ თუ პროცესზე დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდება, ერთმა [მოსამართლემ] განჩინებით, ხოლო მეორემ [პროკურორმა] მოხსენებით მაინც მიმართოს ზემდგომს და დაიწყოს გამოძიება ამ საკითხზე”, – ამბობს მალხაზ ველიჯანაშვილი.

ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ რადგან პროკურორსა და მოსამართლეს რეაგირება არ ჰქონიათ სხდომაზევე, “მაშინ თანამონაწილეები არიან “დანაშაულის”.

ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. მას 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას“ ედავებიან, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება მის მიმართ დაწყებულ ახალ გამოძიებას, 317-ე მუხლი ითვალისწინებს 3 წლამდე პატიმრობას.