ფინეთი გეგმავს, რომ მოხსნას ათწლეულებით ადრე დაწესებული აკრძალვა მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის ფლობის შესახებ. ფინეთის მთავრობის თქმით, ეს ქვეყანას მეტად დააახლოებს ნატოს შეკავების პოლიტიკასთან.
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა განაცხადა, რომ გარემოება ფინეთისა და ზოგადად ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით „ფუნდამენტურად შეიცვალა“ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა 2022 წელს.
2023 წელს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე და ნატოს წევრობისთვის ფინეთმა უარი თქვა სამხედრო ნეიტრალიტეტზე, რაც ათწლეულებს ითვლის. 1987 წლის აქტით ფინეთში იკრძალება ბირთვული იარაღის იმპორტი, წარმოება, ფლობა და განთავსება, ომის დროსაც კი.
ჰაკანენის თქმით, მთავრობის ახალი ინიციატივა ამ აკრძალვის მოხსნის შესახებ შესაძლებელს გახდის „ბირთვული იარაღის შემოტანას ფინეთში, ტრანსპორტირებას, ფლობას, თუ ეს დაკავშირებული იქნება ფინეთის სამხედრო თავდაცვასთან“.
„ცვლილება აუცილებელია ფინეთის, როგორც ალიანსის წევრის, თავდაცვის გასაძლიერებლად, ნატოს შეკავების პოლიტიკაში სრულფასოვანი ჩართულობისა და კოლექტიური თავდაცვისთვის“, — განაცხადა მინისტრმა 5 მარტს.
ფინეთის მთავრობის ინიციატივა მოითხოვს, რომ ცვლილებები შევიდეს ბირთვული ენერგიის შესახებ აქტში და ასევე სისხლის სამართლის კოდექსში.
ფინეთის მმართველი მემარჯვენე კოალიცია, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას ფლობს, აცხადებს, რომ ოფიციალურ წარდგენამდე საკითხზე 2 აპრილამდე კონსულტაციები გაიმართება.
ფინეთი 2023 წლის აპრილში ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა. 2024 წელს ნატოს შეუერთდა ფინეთის მეზობელი შვედეთიც. ამის შემდეგ ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა არქტიკისა და ბალტიის ზღვის აუზებში, აღმოსავლეთის ფლანგზე, რაც უკან დახევის ტოლფასია პუტინის რუსეთისთვის.
