აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა აცხადებს, რომ “აფხაზეთს საქართველოსთან კონფლიქტის პარალელურად უსაფრთხოების გაძლიერება და ქვეყნის შიდა განვითარებაზე ზრუნვა სჭირდება”. ამასთან, ის “საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების შესაძლებლობაზეც” საუბრობს.

ადგურ არძინბა აფხაზეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსია და „აფხაზური სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარე. ის 2015–2020 წლებში დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი, 2019 წლის დეკემბრიდან კი დე ფაქტო ვიცე-პრემიერიც იყო. 2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წლის ვადამდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბასთან მეორე ტურში დამარცხდა.

„რამდენ ხანს შეიძლება ერთმანეთისთვის ავტომატის სამიზნიდან ყურება?“ – თქვა არძინბამ აფხაზურ Srez Podcast-ში, სადაც “საქართველოსთან ურთიერთობებსა და აფხაზეთის უსაფრთხოებაზე” ისაუბრა.

არძინბას თქმით, საქართველოში არსებობს პოლიტიკური ძალების ნაწილი, რომელიც, მისი შეფასებით, შეიძლება რადიკალურ გზას დაადგეს და ქვეყანაში დაპირისპირება გააძლიეროს. თუმცა, მისი თქმით, საქართველოში ბევრი „გონიერი ადამიანიც“ არის.

„საბოლოოდ, ვის უნდა ომი? ბოლოს და ბოლოს, ქართველებმაც უნდა გაიგონ – რამდენ ხანს შეიძლება ერთმანეთისთვის ავტომატის სამიზნიდან ყურება“, – განაცხადა მან.

არძინბას თქმით, აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ აფხაზეთის განვითარებისთვის განათლება მთავარი გრძელვადიანი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„ჩვენ პირველ რიგში ჩვენი უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ. როცა ქვეყნის მომავალზე მეკითხებით, ამ ეტაპზე მოდით, უბრალოდ ჩვენი შვილების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, რათა ქვეყანა მათთვის მაინც შევინარჩუნოთ“, – თქვა არძინბამ.

“საქართველოსთან ურთიერთობებზე” საუბრისას არძინბამ ასევე თქვა, რომ აუცილებელია არსებული რეალობის აღიარება და კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობა.

მისი თქმით, “საქართველოსა და აფხაზეთის ამჟამინდელი თაობის ლიდერებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ კონფლიქტი მომავალ თაობებს არ გადასცენ”.

„თუ ჩვენ თავად ვერ მივაღწევთ შეთანხმებას, უბრალოდ დიდი ძალების დაპირისპირებაში ინსტრუმენტებად დავრჩებით“.

არძინბა ასევე შეეხო საქართველოსთან ეკონომიკურ კავშირებს. მისი თქმით, შესაძლებელია ეკონომიკური ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარება, თუმცა ამისთვის თანასწორი და გამჭვირვალე პარტნიორობაა საჭირო.

ამავე დროს, არძინბა აცხადებს, რომ აფხაზეთში დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის იდეაზე უარის თქმას არავინ აპირებს.

„საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ არსებობს რეალობა – არსებობს დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფო. და ამ რეალობაზე უარის თქმას აფხაზეთში არავინ აპირებს“, – თქვა მან.

არძინბამ ასევე ისაუბრა აფხაზეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და ქვეყნის შიდა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე.

Srez Podcast-ის ეპიზოდი, რომელშიც არძინბამ ეს განცხადებები გააკეთა, სექტემბერში გამოქვეყნდა. ინტერვიუში ის საუბრობს ასევე ბადრა გუნბაზე [დე ფაქტო პრეზიდენტი], რუსეთთან ურთიერთობებზე, საქართველოსთან კავშირებზე, აფხაზეთის უსაფრთხოებასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.