რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პოლიტტექნოლოგთა ჯგუფსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა დაავალა, რათა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გამარჯვება უზრუნველყონ.
ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა პლატფორმა VSquare ავრცელებს.
VSquare-ს თანახმად, ევროპის ეროვნული უსაფრთხოების რამდენიმე წყარომ გამომძიებელ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ კრემლმა პოლიტტექნოლოგთა ჯგუფს 2026 წლის აპრილის უნგრეთის არჩევნებში ჩარევა დაავალა. გამომძიებელ ჟურნალისტთა წყაროების თანახმად, მიზანი მარტივია: ვიქტორ ორბანის ხელისუფლების შენარჩუნება.
მათივე ცნობით, ადამიანი, ვისაც კრემლმა უნგრეთის საკითხი მიანდო, სერგეი კირიენკოა — პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და რუსეთის მთელი შიდა თუ საგარეო პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურის არქიტექტორი.
„როსატომის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელიც 2016 წელს პუტინის შიდა პოლიტიკის კურატორი გახდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში თავისი უფლებამოსილებები მკვეთრად გააფართოვა და უცხოეთის არჩევნებს რუსეთის პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტების გაგრძელებად განიხილავს. მისი ბოლო და ყველაზე აგრესიული საცდელი პოლიგონი მოლდოვა იყო, სადაც მისი ოპერაციისას გამოიყენეს ხმების მოსყიდვის ქსელები, ტროლების ქარხნები და ადგილზე მომუშავე ოპერატიული მუშაკები პროევროპელი პრეზიდენტის, მაია სანდუს წინააღმდეგ არჩევნების შედეგის შესაცვლელად.
ამან არ გაამართლა, თუმცა სამოქმედო გეგმა უცვლელია და, ჩემი წყაროების თქმით, რუსები ახლა მის გამოყენებას უნგრეთში ცდილობენ. ევროპის სამი სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წყაროებთან საუბრის საფუძველზე, დაზვერვის მონაცემები კრემლის მცდელობაზე, მხარი დაუჭიროს ვიქტორ ორბანის კამპანიას, უკვე გაზიარებულია პარტნიორებთან; ევროკავშირისა და ნატო-ს ბევრი სააგენტო, სავარაუდოდ, უკვე საქმის კურსშია და სიტუაციას აკვირდება“, – წერს VSquare-ს გამომძიებელი ჟურნალისტი.
გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, სტრუქტურა, რომელსაც კირიენკო კურირებს, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზეა ფოკუსირებული, არამედ ახლა უკვე უნგრეთსაც მოიცავს.
„მოლდოვის ოპერაციების შემდეგ კირიენკოს საგარეო გავლენის სტრუქტურაში ახალი სახე გამოჩნდა. 2025 წლის ბოლოს პუტინმა შექმნა სრულიად ახალი — სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის საპრეზიდენტო სამმართველო, რომელმაც ჩაანაცვლა ორი ძველი დეპარტამენტი, რომელთაც მანამდე გადამდგარი დიმიტრი კოზაკი კურირებდა. კირიენკომ მის ხელმძღვანელად ვადიმ ტიტოვი დანიშნა — ერთგული კადრი, რომელსაც „როსატომში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს, სადაც ტიტოვი სახელმწიფო კორპორაციის საერთაშორისო ქსელს მართავდა.
ტიტოვი არ არის დიპლომატი ტრადიციული გაგებით. კირიენკოს მსგავსად, ის პოლიტიკური ორგანიზატორი და ოპერატორია. მისი ახალი სამმართველოს სამიზნე პოსტსაბჭოთა სივრცეა, რომელიც, კრემლის აზროვნებით, ახლა უკვე უნგრეთსაც მოიცავს. უნგრული ოპერაცია ადგილზეც ყალიბდება“, – წერენ გამომძიებელი ჟურნალისტები.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გეგმა ითვალისწინებს ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოში სოციალური მედიით მანიპულაციის რუსი ექსპერტების ჩანერგვას, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტებით.
„მთელი არსი სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტია — ეს არის მოლდოვიდან მიღებული გაკვეთილი, სადაც ხელისუფლებას წლები დასჭირდა რუსეთის საელჩოს ოპერაციების დასაშლელად, სანამ საბოლოოდ რუსეთის დიპლომატიურ პერსონალს სამჯერ მეტად შეამცირებდნენ. ჩემი წყაროები ამბობენ, რომ ბუდაპეშტის სქემა მოიცავს სამკაციან გუნდს, რომელიც საელჩოდან რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) სახელით მუშაობს — თუმცა გაურკვეველი რჩება, არიან თუ არა ისინი უკვე აქტიურ ფაზაში“, – ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.
როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაურკვეველი ფუნქციების მქონე რუსი ოპერატიული მუშაკები ბუდაპეშტის დიპლომატიურ ინფრასტრუქტურაში კომფორტულად მოეწყვნენ. მათ ადრეც მოუმზადებიათ რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ მასპინძლობს უნგრეთი GRU-სთან დაკავშირებულ რუს სამხედრო დიპლომატებს, რომლებიც ორბანის პროპაგანდისტულ აპარატში „მეგობრებს“ აგროვებენ.
„ამასობაში პროორბანისტული მედია კრემლის ანტიუკრაინულ ნარატივებს იმაზე ხმამაღლა ახმიანებს, ვიდრე ოდესმე — რაც სასარგებლო საფარია იმ ოპერაციისთვის, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს მაშინ, როცა საინფორმაციო ეკოსისტემა უკვე ხელსაყრელია. ერთ-ერთი ცენტრალურ ევროპული წყაროს თანახმად, კირიენკოს უნგრეთის სამუშაო ჯგუფი აქტიურ კონტაქტშია ორბანის მთავრობასთან დაკავშირებულ საარჩევნო კამპანიის ოპერატორებთან. თუ როგორ გამოიყურება ეს თანამშრომლობა პრაქტიკაში — ამ საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ“, – ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.
საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 12 აპრილსაა დაგეგმილი.
უნგრეთში გამოქვეყნებული ბოლო გამოკითხვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ 11%-ით უსწრებს მისი მთავარი კონკურენტის, პიტერ მადიარის პოლიტიკური გაერთიანება „ტისა“.
კერძოდ, უახლესი კვლევის მიხედვით, „ტისას“ მხარს 42% უჭერს, „ფიდესს“ კი – 31%. ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდია გადაწყვეტილ ამომრჩეველს შორის და აქ მადიარი ორბანს 20%-ით უსწრებს. ანუ იმ ამომრჩევლებიდან, რომლებსაც უკვე მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია იმის შესახებ, თუ ვის მისცემენ ხმას არჩევნებში, 55% ამბობს, რომ მხარს ოპოზიციურ პარტია „ტისას“ უჭერს, მმართველი ძალას – 35% .
ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, ოპოზიციური „ტისას“ მხარდამჭერთა თითქმის სრული უმრავლესობა (97%) აცხადებს, რომ აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. ეს მაჩვენებელი „ფიდესის“ მხარდამჭერთა შემთხვევაში 85% არის.
