უნგრეთში გამოქვეყნებული ბოლო გამოკითხვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ მისი მთავარი კონკურენტის, პიტერ მადიარის პოლიტიკური გაერთიანება „ტისა“ 11%-ით უსწრებს.
კერძოდ, უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც გამოცემა HVG აქვეყნებს, „ტისას“ მხარს 42% უჭერს, „ფიდესს“ კი – 31%.
ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდია გადაწყვეტილ ამომრჩეველს შორის და აქ მადიარი ორბანს 20%-ით უსწრებს. ანუ იმ ამომრჩევლებიდან, რომლებსაც უკვე მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია იმის შესახებ, თუ ვის მისცემენ ხმას არჩევნებში, 55% ამბობს, რომ მხარს ოპოზიციურ პარტია „ტისას“ უჭერს, მმართველი ძალას – 35% .
ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, ოპოზიციური „ტისას“ მხარდამჭერთა თითქმის სრული უმრავლესობა (97%) აცხადებს, რომ აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. ეს მაჩვენებელი „ფიდესის“ მხარდამჭერთა შემთხვევაში 85% არის.
როგორც უნგრული მედია წერს, წინა კვლევასთან შედარებით, „ტისას“ რეიტინგი 2%-ით არის გაზრდილი, ხოლო „ფიდესის“ რეიტინგი ამდენივე პროცენტითაა შემცირებული.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილ ამომრჩეველთა შორის „ტისას“ რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით 4%-ით მეტია, „ფიდესის“ კი — 4%-ით ნაკლები. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა შორის სხვაობა ორ პარტიას შორის 8%-ით გაიზარდა.
საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 12 აპრილსაა დაგეგმილი.
