ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება. ამის შესახებ დღეს, 5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
5 მარტს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიიდან უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, მათ შორის ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტიზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონების ტექნიკური პარამეტრები და ინციდენტის დეტალები ამ ეტაპზე გამოძიების პროცესშია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მკაცრად დაგმო ირანის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმები, რომლებიც, უწყების შეფასებით, ყოველგვარი სამხედრო აუცილებლობის გარეშე მოხდა.
„მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ირანის ისლამურ რესპუბლიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მზადდება შესაბამისი საპასუხო ზომები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
„მკაცრად ვგმობთ დრონებით თავდასხმებს, რომლებიც განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და შედეგად დაზიანდა აეროპორტის შენობა, ხოლო ორი სამოქალაქო პირი დაშავდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას. მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უმოკლეს ვადაში განმარტოს აღნიშნული საკითხი, წარმოადგინოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი გადაუდებელი ზომები მსგავსი ინციდენტების მომავალში თავიდან ასაცილებლად. აზერბაიჯანის მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები“ ,- ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯთაბა დემირჩილუ, რომელსაც ირანული მხარის მისამართით მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
