ახალი ამბები

სახის ამოცნობის სისტემა ირანმა რუსეთისგან იყიდა – ჟურნალისტური გამოძიება

4 მარტი, 2026 •
სახის ამოცნობის სისტემა ირანმა რუსეთისგან იყიდა – ჟურნალისტური გამოძიება

ირანმა რუსეთისგან შეიძინა სახის ამოცნობის სისტემა, რომელსაც ოპოზიციონერების სათვალთვალოდ იყენებენ.

როგორც Meduza წერს, სისტემა შექმნა კომპანიამ, რომლის ტექნოლოგიებსაც მოსკოვის ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში იყენებდნენ.

ირანის ხელისუფლებამ მასთან დაკავშირებული კომპანიების მეშვეობით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეიძინა სახის ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფა FindFace, რომელიც რუსულმა კომპანია NtechLab-მა შექმნა.  ამის შესახებ ნათქვამია Forbidden Stories-ისა და Le Monde-ის ერთობლივ გამოძიებაში, რომელშიც კიდევ რამდენიმე მედიასაშუალება მონაწილეობდა და რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტები მოიპოვეს.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ირანულმა კომპანია Rasadco-მ FindFace 2019 წელს შეიძინა. იმავე წელს Rasadco უფრო მსხვილ კომპანია Kama-ს შეუერთდა, რომლის კლიენტებს შორის ირანის დაზვერვაც არის.

ჟურნალისტების  მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, Kama-ს სათავეში უდგას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) წევრი. 2020 წლიდან FindFace-ის გადაყიდვა სხვა ირანულ კომპანიებზე დაიწყეს. კერძოდ, Kama-მ პროგრამის ლიცენზია კომპანია BPO-ს მაშინდელი კურსით, დაახლოებით 80 ათასი ევროდ მიჰყიდა. BPO ირანში IT-აღჭურვილობის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. Forbidden Stories BPO-ს უწოდებს ფიქტიურ კომპანიას, რომელსაც ირანის ხელისუფლება კონფიდენციალური შესყიდვების დასამალად იყენებს.

კიდევ ერთ კონტრაქტში ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ფონდი, რომელიც დაკავშირებულია კომპანია Zaeem Technology Development Company-სთან.  Le Monde-ს თანახმად, ეს არის მსხვილი ირანული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მანამდეც ცნობილი იყო, როგორც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და ირანის სახელმწიფო სხვა სტრუქტურების მიმწოდებელი.

„ყველა ეს ფიქტიური კომპანია ერთმანეთთან თანამშრომლობს. დაზვერვის სამინისტროს თავისი ფიქტიური კომპანიები აქვს, „გუშაგთა კორპუსს“ — თავისი, რომლებიც სხვადასხვა დავალებას ასრულებენ. როცა საჭიროა, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან“, — განუცხადა გამოცემას ირანის ციფრული უსაფრთხოების ექსპერტმა.

სპეციალისტები გამოცემასთან აღნიშნავენ, რომ სახის ამოცნობის სისტემა ირანის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, შექმნას მოქალაქეების „სოციალური პორტრეტი“. ხელისუფლებას შეუძლია თვალი ადევნოს კონკრეტულ ადამიანებს და მათ კავშირებს — ქვეყანაში შესაძლო პროტესტების შემთხვევისთვის. FindFace იძლევა ნებისმიერი კამერის (ქუჩის, მეტროს თუ მაღაზიის) ჩანაწერების გამოყენების საშუალებას. იდენტიფიცირებისთვის შესაძლოა გამოიყენონ მოქალაქეთა ფოტოების ბაზები, რომლებსაც სახელმწიფო პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემისას აგროვებს.

NtechLab არის სახის ამოცნობის სისტემების დეველოპერი, კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი კი სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხია“. კომპანიის მიერ შექმნილი ტექნოლოგია თავდაპირველად მოსკოვის საქალაქო ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში გამოიყენებოდა, შემდეგ კი ის სხვა რუსულ ქალაქებშიც გავრცელდა. მისი მეშვეობით სამართალდამცავები აკავებდნენ როგორც სავარაუდო დამნაშავეებს, ისე ოპოზიციონერებსა და აქტივისტებს.

2023 წლის ივლისიდან NtechLab ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება იმ სისტემის შექმნისთვის, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და მობილიზაციას გაქცეული ადამიანების მოსაძებნად და დასაკავებლად გამოიყენება. გარდა ამისა, აშშ-მა კომპანიის წინააღმდეგ საექსპორტო შეზღუდვები დააწესა, რის გამოც მომწოდებლებს არ შეუძლიათ, კომპანიას ამერიკული საქონელი სპეციალური ლიცენზიის გარეშე მიჰყიდონ.

2023 წლის მარტში NtechLab-ის დამფუძნებლებმა, ალექსანდრე კაბაკოვმა და არტიომ კუხარენკომ, განაცხადეს, რომ კომპანია ხელმძღვანელობასთან და ინვესტორებთან უთანხმოების გამო დატოვეს. დამფუძნებლების თქმით, მათ რუსეთში ყველა პროექტის დახურვაზე მსჯელობა 2020 წლის აგვისტოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ დაიწყეს. კაბაკოვმა ქვეყანა 2021 წლის დეკემბერში დატოვა, კუხარენკომ კი — 2022 წლის მარტში.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კაბაკოვი და კუხარენკო შეიყვანეს „კორუფციონერებისა და ომის გამჩაღებლების სიაში“, რომელსაც „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ (FBK) აწარმოებს. ამის შემდეგ მათ ნავალნის თანამებრძოლებს NtechLab-ის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მალე ისინი სიიდან ამოიღეს, თუმცა მოგვიანებით კვლავ დააბრუნეს. FBK-ში განაცხადეს, რომ „კუხარენკოსა და კაბაკოვის მონანიება არ იყო საკმარისად საჯარო, ხოლო მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მნიშვნელობით ვერ შეედრება მათ წვლილს საპოლიციო სახელმწიფოს მშენებლობაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი