ისრაელმა ოთხშაბათს გაავრცელა გაფრთხილება, რომ ირანის მმართველი სასულიერო წრეების მიერ დანიშნული ნებისმიერი ახალი ლიდერი „ლიკვიდაციის უპირობო სამიზნე“ გახდება. ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ირანის მაღალჩინოსნები გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის ასარჩევად იკრიბებიან.
„ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ დანიშნული ნებისმიერი ლიდერი ლიკვიდაციის უპირობო სამიზნე იქნება. პრემიერ-მინისტრმა და მე თავდაცვის ძალებს (IDF) მივეცით მითითება, მოემზადონ და გამოიყენონ ყველა საჭირო საშუალება ამ მისიის შესასრულებლად, რაც ოპერაცია „ლომის ღრიალის“ მიზნების განუყოფელი ნაწილია“, — განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
მისივე თქმით: „მნიშვნელობა არ აქვს მის სახელს ან იმას, თუ სად დაიმალება იგი. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად კვლავაც სრული ძალებით ვიმოქმედებთ, რათა გავანადგუროთ რეჟიმის შესაძლებლობები და შევქმნათ პირობები ირანელი ხალხისთვის, რათა მათ დაამხონ ეს რეჟიმი და ჩაანაცვლონ ის.“
მას შემდეგ, რაც შაბათს, აშშ-ისა და ისრაელის საწყისი დარტყმების შედეგად, აიათოლა ხამენეი დაიღუპა, მაღალი რანგის სასულიერო პირებისგან შემდგარი არჩევითი ორგანო ახალი უზენაესი ლიდერის შესარჩევად ვირტუალურად იკრიბება. ხამენეის არ დაუტოვებია ოფიციალურად გამოცხადებული მემკვიდრე.
ისრაელიც და აშშ-ც ამტკიცებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული დარტყმები შექმნის წინაპირობას, რათა ირანელმა ხალხმა დემოკრატიული მთავრობა ჩამოაყალიბოს და რეგიონში მშვიდობა აღადგინოს. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელის მსგავსი სცენარის შესაძლებლობა დაუშვა — სადაც ამერიკულმა ძალებმა პრეზიდენტი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციის დიდი ნაწილი პოზიციებზე დატოვეს.
გუშინ გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა აირჩიეს მამის ადგილას, ქვეყნის მმართველად და უზენაეს ლიდერად, თუმცა ეს ცნობა ჯერ არ დადასტურებულა.








