ახალი ამბებირეკლამა

iPhone-ის ფუნქციები რომელთა შესახებაც შესაძლოა აქამდე არ გსმენია

2 მარტი, 2026 •
iPhone-ის ფუნქციები რომელთა შესახებაც შესაძლოა აქამდე არ გსმენია

iPhone-ს მაღალი ხარისხის კამერის გარდა, კიდევ ბევრი სასარგებლო ფუნქცია აქვს. Apple-ის ოპერაციული სისტემა (iOS) წლების განმავლობაში ისე დაიხვეწა, რომ მასში უამრავი „ჭკვიანი“ ფუნქციაა ჩატვირთული, რომელთა შესახებაც ბევრმა მომხმარებელმა არც კი იცის. ხშირად ჩვენ მხოლოდ სტანდარტული აპლიკაციებითა და პარამეტრებით ვკმაყოფილდებით, მაშინ როცა მცირე მოკვლევაც საკმარისია, მივხვდეთ, რომ მოწყობილობას ჩვენი ყოველდღიურობის საგრძნობლად გამარტივება შეუძლია.

დღეს განვიხილავთ ხუთ განსაკუთრებულ ფუნქციას, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე. ამ ფუნქციების გამოყენების შემთხვევაში, შენი აიფონი კიდევ უფრო პრაქტიკული ხელსაწყო გახდება.

1. Back Tap – „ჯადოსნური“ ღილაკი ტელეფონის უკან

იცოდი, რომ შენი ტელეფონის უკანა მხარეს, სადაც Apple-ის ლოგოა გამოსახული, რეალურად ერთი დიდი ღილაკია? ეს არის ე.წ Back Tap ფუნქცია, რომელიც აიფონის კორპუსზე თითის დაკაკუნებას კონკრეტულ ბრძანებად აღიქვამს. მაგალითად, თუ გსურს, ეკრანის ანაბეჭდზე (screenshot) ბევრი აღარ იწვალო და ორ ღილაკზე ერთდროულად დაწოლა აღარ გჭირდებოდეს, შეგიძლია, ეს მოძრაობა უკანა კორპუსზე შეხებით ჩაანაცვლო. Back Tap-ის მეშვეობით შესაძლებელია, ტელეფონის უკანა მხარეს ორჯერ ან სამჯერ დაკაკუნებით ეკრანის ანაბეჭდის გადაღება, კამერის გახსნა, ხმის გათიშვა, ფარნის ჩართვა ან თუნდაც „Control Center“-ის ჩამოშლა.

როგორ გავიაქტიურო Back Tap ფუნქცია? 

გადადი Settings > Accessibility > Touch და მენიუს ყველაზე ქვედა ნაწილში ნახავ Back Tap. აქ შეგიძლია აირჩიო ორი ვარიანტი: Double Tap (ორჯერ შეხება) და Triple Tap (სამჯერ შეხება) და თითოეულს მიანიჭო შენთვის სასურველი აქტივობის დანიშნულება.

2. Live Text – ტექსტის ფოტოდან ამოღება

ალბათ, გქონია, შემთხვევა, როცა სავიზიტო ბარათიდან ნომრის ამოწერა ან რესტორნის მენიუდან კერძის დასახელების Google-ის საძიებო სისტემაში მოძებნა გსურს. ერთი სიტყვით, ფოტოზე არსებული ინფორმაციის „დაკოპირება” გინდა, მაგრამ ხელით გიწევს გადაწერა. Live Text ფუნქცია საშუალებას გაძლევს, ტექსტი პირდაპირ ფოტოდან ან კამერის ობიექტივიდან „ამოჭრა.“

ეს ფუნქცია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ნებისმიერი წარწერის ამოსაცნობად. თუ დოკუმენტს ფოტო გადაუღე, შეგიძლია მასზე თითის დაჭერით მონიშნო ტექსტი, დააკოპირო და ავტომატურად გადაგზავნო მესიჯად. მეტიც, თუ ფოტოზე ტელეფონის ნომერია გამოსახული, მასზე დაჭერით პირდაპირ დარეკვა შეგიძლია. ეს ფუნქცია ასევე მუშაობს უცხოენოვანი ტექსტების თარგმნის შემთხვევაშიც, არა მხოლოდ ინგლისურზე.

როგორ გამოვიყენო Live Text ფუნქცია

ფუნქცია ჩვეულებრივ აქტიურია, თუმცა შესამოწმებლად შედი Settings > General > Language & Region და დარწმუნდი, რომ Live Text ჩართულია.

3. Sound Recognition – ხმოვანი ჩანაწერის ამოცნობა

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფუნქცია, რომელიც თავდაპირველად სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის შეიქმნა, თუმცა ყოველდღიურობაში ნებისმიერ ჩვენგანს გამოადგება.

თუ ეს ფუნქცია ჩართული გაქვს, შენი აიფონი მუდმივად ისმენს გარედან შემოსულ ხმებს. თუ ისეთი ხმა აღიქვა, როგორიცაა კარზე ზარი, ბავშვის ტირილი, წყლის ჩხრიალი, სახანძრო სიგნალიზაცია ან თუნდაც კატის კნავილი, ის მაშინვე გამოგიგზავნის შეტყობინებას. ეს სასარგებლო ფუნქციაა, თუ გარკვეული მიზეზებით გეშინია, რომ შესაძლოა, მსგავსი სიგნალი გამოგეპაროს, ყურადღების მიღმა დაგრჩეს, ან ორმაგად ფრთხილობ, რადგან სახლში პატარა ბავშვი, ლეკვი ან კნუტი გყავს.

როგორ მუშაობს Sound Recognition

გადადი Settings > Accessibility > Sound Recognition. ჩართე ფუნქცია და შედი Sounds განყოფილებაში, რათა მონიშნო ის კონკრეტული ხმები, რომლებზეც გსურს რეაგირება.

4. Guided Access – როცა ტელეფონს სხვას ათხოვებ

ხშირად ხდება, რომ მეგობარს ტელეფონს ათხოვებ ფოტოს სანახავად ან ბავშვს აძლევ YouTube-ის ჩასართავად. ასეთ დროს თანდაყოლილად გვიჩნდება შფოთვა, რომ შესაძლოა, განზრახ ან შემთხვევით ვიღაცამ ჩვენი პირადი შეტყობინებები წაიკითხოს ან სხვა აპლიკაციები გახსნას და დაათვალიეროს, რას ვინახავთ. Guided Access ამ პრობლემას ჭრის.

ეს ფუნქცია ბლოკავს ტელეფონს მხოლოდ ერთ კონკრეტულ აპლიკაციაზე. სხვა ადამიანი ვერ შეძლებს ამ აპლიკაციიდან გამოსვლას და ეკრანის სხვა ნაწილზე გადასვლას, სანამ შენ არ შეიყვან სპეციალურ პაროლს. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია, ეკრანის გარკვეული ზონებიც კი დაბლოკო, რომ მათზე დაჭერა შეუძლებელი იყოს. ეს უსაფრთხოების მიზნით შესანიშნავი შესაძლებლობაა, განსაკუთრებით, თუ მცირეწლოვანი ბავშვი გყავს.

სად ვიპოვოთ: შედი Settings > Accessibility > Guided Access და გააქტიურე. ამის შემდეგ, სასურველ აპლიკაციაში ყოფნისას, სამჯერ სწრაფად დააჭირე გვერდითა ღილაკს და აირჩიე Start.

5. Background Sounds – სიმშვიდის შესანარჩუნებლად

iPhone-ის ბევრი მომხმარებელი იწერს დამატებით აპლიკაციებს „თეთრი ხმაურის“ (White Noise) მოსასმენად, რათა უკეთ დაეძინოს, კონცენტრაცია შეძლოს. Apple-მა ეს ფუნქცია პირდაპირ სისტემაში ჩააშენა.

შენ შეგიძლია ჩართო ოკეანის, წვიმის, ნაკადულის ხმა, რომელიც ფონად დაუკრავს. ეს ხმები გეხმარება გარედან შემოსული ხმაურის ჩახშობაში და ნერვული სისტემის დამშვიდებაში. მათი ჩართვა შესაძლებელია მუსიკის მოსმენის დროსაც, მაგალითად, საყვარელ სიმღერას ფონად წვიმის ხმა დაადო.

სად ვიპოვოთ: Settings > Accessibility > Audio/Visual > Background Sounds. აქედან შეგიძლია აირჩიო სასურველი ხმა და დაარეგულირო მისი ჟღერადობა.

შეჯამება

შენი აიფონი ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოიდგინო. ეს ხუთი ფუნქცია მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შესაძლებლობებისა, რასაც iOS გვთავაზობს. ტექნოლოგიების მთავარი ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ისინი ჩვენზე მორგებული და სასარგებლო გავხადოთ. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა თავისუფალი დრო გექნება, აუცილებლად შეიხედე Accessibility მენიუში. იქ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი