ლიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ ჰეზბოლას სამხედრო და უსაფრთხოების საქმიანობა უკანონოდ ცხადდება და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფს იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდა.

CNN-ის თანახმად, ეს განცხადება სახელმწიფოს პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებას წარმოადგენს, რადგან „ჰეზბოლას“ არსებობა უკვე 40 წელზე მეტია, რაც ლიბანის რეალობის ნაწილია. გაურკვეველია, შეუძლია თუ არა მთავრობას ჯგუფის ცალმხრივად აკრძალვა პარლამენტის თანხმობის გარეშე, სადაც „ჰეზბოლასა“ და მის მოკავშირეებს გარკვეული რაოდენობის მანდატები აქვთ.

„სახელმწიფომ მკაფიოდ განაცხადა, რომ სრულად უარყოფს მისი ტერიტორიიდან განხორციელებულ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას და დაადასტურა, რომ ომისა და მშვიდობის საკითხი მხოლოდ მის კომპეტენციაშია, რაც მოითხოვს პარტიის საქმიანობის აკრძალვას, მის იარაღის ჩაბარებას და პოლიტიკურ საქმიანობაზე გადასვლას“, — განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა.

მთავრობამ ასევე დაავალა არმიას, აღკვეთოს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმები და დაიწყოს იარაღის კონფისკაცია. CNN წერს, რომ გაურკვეველია, შეუძლია თუ არა მთავრობას ჯგუფის ცალმხრივად აკრძალვა პარლამენტის თანხმობის გარეშე, სადაც „ჰეზბოლასა“ და მის მოკავშირეებს გარკვეული რაოდენობის მანდატები აქვთ.

მთავრობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის უარყოფს და გმობს კვირას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, რომელზეც პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო.

ცნობისთვის, „ჰეზბოლას” გააქტიურების გამო კონფლიქტი ლიბანზეც გავრცელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ეს ნაბიჯი მოჰყვა ირანის მოკავშირე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებულ რაკეტებსა და დრონებს, რაც ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის გამო შურისძიებად შეფასდა.


„ჰეზბოლა“ არის ლიბანში ბაზირებული შიიტური ორგანიზაცია, რომელიც ერთდროულად ორ როლს ითავსებს: ის არის პოლიტიკური პარტია და გასამხედროებული დაჯგუფება. მას ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი აქვს დასავლეთში.

„სახელმწიფო სახელმწიფოში“

„ჰეზბოლა“ მხოლოდ იარაღიანი ხალხი არ არის. მათ ჰყავთ თავიანთი დეპუტატები ლიბანის პარლამენტში, მინისტრები მთავრობაში, ფლობენ ტელევიზიას, სკოლებსა და საავადმყოფოებს. ხშირად მათ უფრო მეტი გავლენა და ძალა აქვთ ლიბანში, ვიდრე თავად ქვეყნის ოფიციალურ ჯარსა და მთავრობას.

კავშირები ირანთან

ორგანიზაცია 1980-იან წლებში ირანის დახმარებით შეიქმნა. ირანი მათ დღემდე აწვდის ფულს, იარაღს და წვრთნის მებრძოლებს. რეგიონულ პოლიტიკაში „ჰეზბოლა“ ითვლება ირანის მთავარ მოკავშირედ (ან „პროქსიდ“), რომელიც ახლო აღმოსავლეთში თეირანის ინტერესებს ატარებს.

დაპირისპირება ისრაელთან

„ჰეზბოლას“ შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა იყო (კერძოდ, სამხრეთ ლიბანის ოკუპაციის დროს). ისინი ისრაელს თავის დაუძინებელ მტრად მიიჩნევენ. მათ შორის კონფლიქტი ათწლეულებია გრძელდება და პერიოდულად სრულმასშტაბიან ომებში გადადის (მაგალითად, 2006 წელს და ახლა, 2026 წლის მოვლენების ფონზე).

“ჰეზბოლას” გააქტიურების გამო კონფლიქტი ლიბანზეც გავრცელდა