საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი წერს, რომ წუხელ, „ერთი შეუგნებელი ირანელის კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო, საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა“.
მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელმაც ზუსტად და პროფესიონალურად იმოქმედა და დამნაშავე დააკავა.
„ამის შემდეგ თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან გამოცხადდა კრიმინალური პოლიცია, რომელმაც დაიწყო კომპენსირების მიზნით ზიანის ოდენობის შესწავლისა და ამ დამნაშავის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღების პროცესი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული პირი ექვსი თვის მანძილზე იქნება დაკავებული, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი მოხდება მისი დეპორტაცია საქართველოდან და ჩამოერთმევა ამ ქვეყანაში ხელმეორედ დაბრუნების უფლება. სახელმწიფო დაცვის სამსახურის პასუხისმგებლობიანი, მტკიცე და კანონთან შესაბამისი ქცევა შექებას იმსახურებს. ეს პროფესიონალური მიდგომა კარგად წარმოაჩენს ქართული ინსტიტუტების კანონისადმი ერთგულებას, დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესებისადმი პატივისცემას“, — აცხადებს მოჯანი.
ის მადლობას უხდის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურს და შესაბამის ინსტიტუტებს.
„ამ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ნიშნად მივიჩნევ“, — წერს მოჯანი.
ირანში ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, თბილისში მცხოვრები ირანის მოქალაქეები ირანის საელჩოსთან შეიკრიბნენ და აიათოლა ხომეინის სიკვდილი იზეიმეს.








