ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 20-ზე მეტმა დეპუტატმა წერილობითი შეკითხვა გაუგზავნა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს და გენერალურ მდივანს საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების შესახებ.
„ქიმიური იარაღის ექსპერტებზე, საქართველოს სპეცრაზმის მამხილებლებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით, BBC Eye-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოში დაწყებული პროევროპული დემონსტრაციების პირველ დღეებში, შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო ნივთიერება „კამიტი“. ეს არის აგენტი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა, თუმცა მისი მავნე ზემოქმედების გამო 1930 წლისთვის ხმარებიდან ამოიღეს.
საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძისადმი გაგზავნილ ბოლოდროინდელ მიმართვაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხი უნდა განიხილებოდეს პროკურატურის მიერ სამართალდამცავების მხრიდან 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ძალის გამოყენების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რადგან აღნიშნული პრაქტიკა სერიოზულ კითხვებს ბადებს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის თვალსაზრისით“, – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების განცხადებაში.
დეპუტატებს შემდეგი კითხვები აქვთ:
- რა ზომებს მიმართა მინისტრთა კომიტეტმა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატაროს საფუძვლიანი, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით?
- დაეხმარება თუ არა ევროპის საბჭოს ორგანოებს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებაში გენერალური მდივნის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მანდატის შესაძლო გამოყენება?
52-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მოითხოვს, ნებისმიერი წევრი სახელმწიფო (მათ შორის საქართველოც) ვალდებულია წარადგინოს განმარტება იმის შესახებ, თუ: როგორ უზრუნველყოფს მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა კონვენციის ამა თუ იმ უფლების რეალურ და ეფექტიან დაცვას.
ევროპის საბჭო არ არის ევროკავშირი. ევროპის საბჭო არის ადამინის უფლებების დასაცავად შექმნილი გაერთიანება, რომლის წევრიცაა საქართველო. შესაბამისად, იქ მიღებული გადაწყვეტილებების ნაწილი საქართველოსთვის სავალდებულოდ (ზოგი იურიდიულად, ზოგიც პოლიტიკურად) შესასრულებელია. სწორედ ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებობს სტრასბურგის სასამართლო: საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, თუ ის თვლის, რომ ქვეყანაში მისი უფლებები დაირღვა და სამართალი ვერ იპოვა, შეუძლია უჩივლოს სახელმწიფოს სტრასბურგში. იქვეა ვენეციის კომისიაც, ეს არის ევროპის საბჭოს ორგანო, რომელიც საქართველოს ეხმარება კანონების დახვეწაში (მაგალითად, საარჩევნო კოდექსი ან სასამართლო რეფორმა). საბჭო მუდმივად აკვირდება, რამდენად იცავს საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი — ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite). „ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
სუს-მა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს ექიმები, რომელთა კვლევაც BBC-ის გამოძიებაში ფიგურირებს.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW), გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისს მიმართა, ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში.








