ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განიხილეს რიგით მეორე ანგარიშის პროექტი საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ.
ყოველწლიური ანგარიში, რომელზეც ევროპარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ. ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს პროგრესს კომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე და მიიღებს რეზოლუციას, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს შესახებ.
საქართველოს საკითხზე მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე. ანგარიშის ავტორის თქმით, ქვეყანაში სიტუაცია სწრაფად უარესდება.
„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად უკუაქცია საქართველოს ევროპული გზა. ადგილი აქვს რეგრესს ცხრავე პრიორიტეტზე, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობა იყო. მიუხედავად მტკიცებისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება სტრატეგიულ მიზნად, მაღალჩინოსნები და მთავრობასთან აფილირებული მედია აწარმოებენ სისტემატურ, ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას, რომელიც აგებულია დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებზე“, — განაცხადა იუკნევიჩიენემ.
მისი თქმით, ანგარიში ხაზს უსვამს მიზნობრივი სანქციების მნიშვნელობას მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე საქართველოში, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და საკვანძო თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
„მე არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანმა მხარი დაუჭირა ამ პრორუსულ მთავრობას. მაგრამ ვწუხვარ, რომ უფრო დიდმა წევრმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს სანქციების მიღება უფრო ადრე. ეს იყო უმძიმესი შეცდომა. ჩვენც უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები — ევროკავშირმა ვერ შეასრულა თავისი როლი მაშინ, როცა ეს მნიშვნელოვანი იყო. ანგარიში გვაფრთხილებს, რომ განგრძობადმა რეპრესიებმა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა და შეზღუდვებმა სამოქალაქო საზოგადოებაზე, საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც პასუხისმგებელი სრულად არის მმართველი ხელისუფლება“, — განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ბოლოს მან გაიხსენა სახაროვის პრემიის ნომინაცია და თქვა, რომ არ შეწყდება ბრძოლა მზია ამაღლობელისა და სხვების გასათავისუფლებლად.
„როდესაც ვეძებთ დემოკრატიული უკუსვლის განმარტებას, ლექსიკონი უკვე აღარ გვჭირდება. ახლა უბრალოდ თბილისში უნდა გავფრინდეთ“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი).
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს, რასაც შეუძლია, რომ ძირი გამოუთხაროს საკუთარი ხალხის ევროპულ ამბიციებს.
„ისინი მიჰყვებიან რუსეთს, თავს პუტინზე დამოკიდებულს ხდიან. ვფიქრობ, ეს მათთვის გეოპოლიტიკურად ძალიან არაშორსმჭვრეტელური სტრატეგიაა, მაგრამ ეს არის საშინელი სტრატეგია მათი ხალხისთვის, რომელსაც ახლა უფრო ნაკლები თავისუფლება აქვს, ვიდრე ოდესმე; რომელსაც არ შეუძლია თავისუფლად დემონსტრაციების გამართვა. ჩვენ ისიც კი ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრაციებზე გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს უბრალოდ სრულიად მიუღებელია, თუ სიმართლე აღმოჩნდა ის, რასაც BBC იუწყება, თუმცა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ასეა“, — განაცხადა კრემერმა.
მან გაიზიარა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც ყველაზე ცუდი შეფასებაა კანდიდატი ქვეყნისთვის.
„ჩვენ, როგორც ევროპარლამენტი, ვიკავებთ ძალიან მკაფიო პოზიციას, რათა ჩვენი გადმოსახედიდანაც ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, საით სურს წასვლა. სურთ ევროპისკენ სვლა? მაშინ უნდა იმოქმედონ და შეიცვალონ. სურთ, რუსული ორბიტის ნაწილი იყვნენ? ამ შემთხვევაში მათ უბრალოდ უნდა გაიწვიონ [ევროკავშირში გაწევრიანების] ყოველგვარი ამბიციები და იყვნენ გულწრფელები თავიანთ მოსახლეობასთან. ერთადერთი, რაც ნამდვილად კვლავ იძლევა იმედს საქართველოზე, არის ქართველი ხალხი — ისეთი ადამიანების გამბედაობა, როგორიცაა მზია ამაღლობელი, რომელსაც ჩვენ მივანიჭეთ სახაროვის პრემია ძალიან საფუძვლიანი მიზეზით, და ის ადამიანები, რომლებსაც ვხვდებით საქართველოში ჩასვლისას, რომლებიც კვლავ გამოდიან ქუჩაში მიუხედავად იმისა, რომ იციან ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელშიც თავს იგდებენ“, — განაცხადა კრემერმა.
კრემერის თქმით, ანგარიშში გაგრძელდება შესწორებების შეტანა „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის სანქციების დაწესების შესახებ ისე, რომ ქართული მოსახლეობა არ დაზიანდეს.
„მაგრამ ჩვენი პოზიცია აქ მკაფიოა. საქართველო ეკუთვნის ევროპას, მაგრამ „ქართული ოცნება“ — არა“, — დასძინა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარმა „მწვანეებიდან“ ვილი სოვნდალმა აღნიშნა, რომ საქართველოში თვალს ვადევნებთ ყველა ძირითადი დემოკრატიული წესის სისტემატურ დარღვევას. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იყურება რუსეთისკენ, რაც მათი არჩევანია.
„მაგრამ ისინი უნდა იყვნენ გულწრფელები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ამ მამაც ახალგაზრდებს, რომლებიც, მიუხედავად პოლიციის მიერ მათი ცემისა, მიუხედავად ციხეში ჩასმისა, მაინც აგრძელებენ [პროტესტს]“, — განაცხადა სოვნდალმა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა შეუძლებელია ამჟამინდელი მმართველობის პირობებში, მაგრამ საჭიროა, ევროპამ განაგრძოს იქ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
„ჩვენ უნდა შევხედოთ მოვლენებს ცივი გონებით და ობიექტურად. საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, სანამ რუსეთი და პუტინი არ დამარცხდებიან უკრაინაში. იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. დემოკრატიას რომ დავეხმაროთ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ“, — თქვა, თავის მხრივ, ფრანგმა ევროპარლამენტარმა Renew Europe-დან, ბერნარ გეტამ.
ქართულ ოპოზიციას საერთო ალტერნატივის შეთავაზებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა (სოციალ-დემოკრატები, ესპანეთი).
„მსურს, გავაკეთო მოწოდება საქართველოში ოპოზიციური ძალების მიმართ. მათ უნდა გამოიჩინონ კეთილი ნება. მათ უნდა შექმნან ერთგვარი საერთო შეთავაზება. მე არ ვსაუბრობ საარჩევნო ალიანსებზე… „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ანადგურებს ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ მათ უნდა ეცადონ, შესთავაზონ პოლიტიკური ვარიანტი ქვეყანაში დემოკრატიის დასაბრუნებლად. და ეს არის ერთ-ერთი ამოცანა, სადაც ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავეხმაროთ ამ პარტიებს, რათა სცადონ ამ დონის ურთიერთგაგების მიღწევა“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა.
პოლონელი ევროსკეპტიკოსი დეპუტატი გჟეგოშ ბრაუნი, რომელიც ცნობილია ანტისემიტური და უკრაინის საწინააღმდეგო პოზიციებით, საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ განხილვაზე ერთადერთი იყო, რომელმაც არ გაიზიარა კოლეგების შეფასებები საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე.
„ევროკავშირი ისევ გვმოძღვრავს და გვასწავლის დემოკრატიას. თქვენ ამბობთ დემოკრატიულ უკუსვლას. იქნებ ეს უბრალოდ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაბრუნებაა. თქვენ ამბობთ, რომ ეს რეგრესია. იქნებ ეს გამოჯანმრთელებაა? იქნებ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება საღ აზრს? ისინი უყურებენ. ისინი უსმენენ. მათ ესმით, რამდენად ცუდია ევროკავშირის პროექტი. ისინი ხედავენ ენერგიაზე ფასების ზრდას და ესმით ომის ქადაგება და ისინი უბრალოდ ირჩევენ მშვიდობას და სუვერენიტეტს. და როდიდან გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? ალბათ, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს აფრთხილებდნენ სადამის ქიმიური იარაღის შესახებ. ასე რომ, გთხოვთ, შემეშვით BBC-ის ამბებით“, — განაცხადა ბრაუნმა.
ბრაუნი ევროპარლამენტში არცერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ შედის. პოლონეთში ის წარმოადგენს „გვირგვინის კონფედერაციას“ — ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას.
გჟეგოშ ბრაუნი ცნობილია ანტისემიტური სკანდალებით. ის არის დეპუტატი, რომელმაც პოლონეთის სეიმში, ხანუქას დღესასწაულზე ცეცხლმაქრით ჩააქრო მენორა. მანამდე შეიჭრა ლექციაზე ჰოლოკოსტის შესახებ, გაანადგურა აღჭურვილობა და დამამცირებელი კომენტარები გააკეთა ებრაელების მიმართ. 2025 წელს მან საჯაროდ დაწვა ევროკავშირის დროშა.
რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიში დიდწილად გაიზიარეს ევროკომისიის წარმომადგენლებმაც.
ჟან-ბატისტ ლე ბრამ თქვა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძო მტრული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ. მან განსაკუთრებით შეშფოთება გამოთქვა უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური აქტივობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლებიც სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცის შემდგომი შეზღუდვის მცდელობად შეაფასა.
მან თქვა, რომ ევროკომისია მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სანდო ნაბიჯებს მათი მოქმედების კურსის შესაცვლელად.
საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) წარმომადგენელმა აიმერიკ დიუპონმა ასევე გაიზიარა შეფასება, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინს კანდიდატი ქვეყნის მიმართ.
„ჩვენ ასევე შეშფოთებით აღვნიშნავთ სერიოზულ უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით, რაც დღემდე გრძელდება ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით. ამგვარი ქმედებით საქართველოს ხელისუფლებამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, და ეს ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებას, მიუხედავად მათი გაცხადებული ამბიციებისა, შეუერთდნენ ევროკავშირს 2030 წლისთვის. ამ კონტექსტში ჩვენ მკაფიო ვიყავით ხელისუფლების მიმართ ჩვენს მოლოდინებთან დაკავშირებით. ეს მოლოდინები გულისხმობს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების მიღებას ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“, — განაცხადა დიუპონმა.
EEAS ასევე მოელის, რომ შეწყდეს აგრესიული ნარატივი ევროკავშირის, ევროპული ქვეყნების ელჩებისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.
„ჩვენ ასევე მოვისმინეთ თქვენი მოწოდება, პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, და ამ კუთხით დისკუსიები გრძელდება“, — განაცხადა დიუპონმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მცირდება საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების ერთიან პოლიტიკასთან, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება შეზღუდვებს რუსეთის წინააღმდეგ.
„ეს მაჩვენებელი წლების განმავლობაში დაბალი იყო. ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თავი შეიკავონ ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მოველით, რომ საქართველო ითანამშრომლებს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. ყველა ეს ბოლოდროინდელი განვითარება, სამწუხაროდ, საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აქვს ნამდვილი ევროპული მისწრაფებები და მზად ვრჩებით, მხარი დავუჭიროთ ამ მისწრაფებებს, ისევე როგორც ყველა ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის“, — დასძინა დიუპონმა.
რასა იუკნევიჩიენეს მოხსენების საფუძველზე, კრიტიკული რეზოლუციის პროექტს საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მაისის დასაწყისში უყრიან კენჭს, პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად კი ივნისში გავა.
ანგარიშში, რომელშიც შესწორებების ინიციირება გრძელდება, მხარს უჭერს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიერ სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საკვანძო თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მიესალმება ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად და აღნიშნავს ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის.
25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოზე ანგარიშს წარადგენენ








