ახალი ამბები

25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოზე ანგარიშს წარადგენენ

23 თებერვალი, 2026 •
25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოზე ანგარიშს წარადგენენ

25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ.

ანგარიშს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზ მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე წარადგენს.

დოკუმენტი, რომელსაც განიხილავენ, წარმოადგენს მეორე ანგარიშს საქართველოს შესახებ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფოს თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშს საქართველოს შესახებ.

როგორც განმარტებითი ბარათშია აღნიშნული, ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ.

„ანგარიში ასახავს იმ ფაქტს, რომ დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში, წინა ანგარიშის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.

უკუსვლა ფიქსირდება ყველა იმ ცხრა პრიორიტეტის შესრულებაში, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აგრძელებს ორკესტრირებულ და სისტემურ კამპანიას ევროკავშირის, მისი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ მანიპულაციური ნარატივების, დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების გამოყენებით.

პოლიტიკური ოპონენტები დაპატიმრებულნი არიან ან დგანან მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების საფრთხის წინაშე.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა იხშობა სულ უფრო რეპრესიული კანონმდებლობით, განსაკუთრებით კი, „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი უახლესი ცვლილებებით, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს უცხოური დაფინანსების მიღებას მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე. სამოქალაქო საზოგადოების ასობით აქტივისტი დადგა ფიზიკური ძალადობისა და დაშინების წინაშე, ხოლო ათეულობით პირი პოლიტიკური ნიშნით იქნა დაკავებული და დაპატიმრებული.

ანგარიში მხარს უჭერს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებულ მიზნობრივ სანქციებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საკვანძო თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მიესალმება ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად და აღნიშნავს ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკის თავსებადობის შემცირებაზე ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან და საბჭოს გადაწყვეტილებებთან სანქციების შესახებ.

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ჩინეთთან, რუსეთსა და ირანთან  მზარდ თანამშრომლობაზე,  რაც კიდევ უფრო ადასტურებს საქართველოს შემობრუნებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.

„ამ ნეგატიურ გარემოში, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი