ახალი ამბები

შვედეთის შემდეგ, კირცხალია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური მდგომარეობის გამო გამოთქვამს შეშფოთებას

24 თებერვალი, 2026 •
შვედეთის შემდეგ, კირცხალია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური მდგომარეობის გამო გამოთქვამს შეშფოთებას

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი კირცხალია, რომელიც ცოტა ხნის წინ შვედეთის ეკონომიკური მდგომარეობით იყო შეშფოთებული, ამჯერად დიდი ბრიტანეთის გამო გამოთქვამს შეშფოთებას.

“ქართული ოცნების” პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ყურადღება გაამახვილა იმ განცხადებაში, რომლითაც გამოეხმაურა ამ ქვეყნის მიერ პროსახელისუფლებო ტელევიზიების, “იმედისა” და “POSTV”-ის დასანქცირებას.

“დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტელეკომპანიების “იმედისა” და “პოსტივისთვის” სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც მის ე.წ. დასაბუთებასთან ერთად იმდენად აბსურდულია, რომ მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება აზრს მოკლებულია. აშკარაა, რომ ე.წ. ფეიკის რა სტანდარტიც მოქმედებს BBC-ში, იგივე მოქმედებს ბრიტანეთის ხელისუფლებაშიც. სწორედ ამგვარი პროცესების შედეგია უკიდურესად დაბალი რეიტინგი, რომლითაც დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს.

სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია – დაწყებული ბოლო წლების ეკონომიკური სტაგნაციით და დამთავრებული უმძიმესი მიგრაციული პრობლემებით. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მაღალი ალბათობით, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი, რის გამოც განსაკუთრებულ შეშფოთებას და სინანულს გამოვხატავთ”, – წერს კირცხალია სოციალურ ქსელში.

დღეს, 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სანქციების სია გაფართოვდა და მას შეუერთდა ქართული პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები – “იმედი” და “POSTV”. როგორც UK-ის მთავრობის ვებგვერდზეა განმარტებული, ეს ტელეკომპანიები დაასანქცირეს რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით. უფრო ზუსტად, ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ორივე ტელევიზია “განზრახ ავრცელებს და ავრცელებდა შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ”.

სამი კვირის წინ, 3 თებერვალს, ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პარლამენტში შვედეთის სოციალური და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მაგალითად, ამტკიცებდა, რომ შვედეთის მოქალაქეებს “ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად”.

სანამ შვედეთის სოციალური საკითხებით შეშფოთდებოდა, კირცხალიამ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მათ მხარი დაუჭირეს საქართველოში “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებას. კირცხალიამ შვედეთს მოუწოდა: “საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას”.  უფრო მეტიც, კირცხალიამ დააანონსა, რომ გააგრძელებს შვედეთის მონიტორინგს და მომავალშიც შეშფოთდება შვედეთში “ანტიდემოკრატიულ პროცესებით”.

კირცხალიას გამოეხმაურა შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოტბერგი, რომელმაც განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” პარლამენტში “სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ, ტყუილებს და სიცრუეს ამტკიცებენ”.

“ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ. ჩვენ პროტესტის დროს არ ვუსწორდებით ოპონენტებს ქუჩებში ქიმიური იარაღით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. ესაა სწორედ მთავარი განსხვავება. კრემლის სახელმძღვანელოდანაა ის, რომ მთავარი პრობლემებიდან ყურადღება სხვა, ნაკლებად აქტუალურ საკითხებზე გადაიტანო“, – განაცხადა გუსტავ გოტბერგმა TV პირველთან ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი