ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი გადაწყვეტილება აზერბაიჯანში პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე

24 თებერვალი, 2026 •
ახალი გადაწყვეტილება აზერბაიჯანში პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე

როგორც გამოცემა meydan.tv წერს, აზერბაიჯანში პირადი და ოჯახური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება იკრძალება მაშინაც კი, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა.

უზენაესმა სასამართლომ ამასთან დაკავშირებით მიიღო ახალი გადაწყვეტილება „პიროვნების უფლებების დაცვის შესახებ“.

გადაწყვეტილების მიხედვით, პირებს შეეძლებათ, ინფორმაციის სიმართლესა თუ სიცრუეზე დამოკიდებულების გარეშე, სასამართლოს მიმართონ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის საფუძვლით. მათ ექნებათ უფლება მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება, ინფორმაციის წაშლა, უარყოფა ან გავრცელების შეწყვეტა.

მანამდე სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი იყო. სწორი ინფორმაციის თანხმობის გარეშე გავრცელება კი სამართლებრივ დაცვის მექანიზმს არ ქმნიდა.

აქვე გამოცემა meydan.tv იხსენებს, რომ წლების განმავლობაში აზერბაიჯანში საზოგადოებრივი აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და მათი ოჯახის წევრების პირადი კადრების ნებართვის გარეშე მოპოვება და მათი პოლიტიკური მიზნებით გავრცელება ჩვეულ პრაქტიკად იქცა. ხშირად, ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფ ტელეარხებზე ამ კადრებზე დაყრდნობით მზადდებოდა სიუჟეტები და გადაცემები.

ამასთან, აზერბაიჯანის კონსტიტუციის 32-ე მუხლი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ითვალისწინებს. ამ მუხლის თანახმად, პირის თანხმობის გარეშე დაუშვებელია მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება. ასევე, სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უფლებას, შეინარჩუნოს მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ფოსტის, ტელეგრაფისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით გადაცემული ინფორმაციის საიდუმლოება.

როგორც გამოცემა წერს, მას შემდეგ, რაც ბლოგერმა მეჰმან ჰუსეინოვმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რძლის, ალიონა ალიევას შესახებ ვიდეოების სერია გამოაქვეყნა, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში მრავალი კითხვა გააჩინა. საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის.

იურისტი ფარიზ ნამაზლი „Meydan TV“-სთან აცხადებს, რომ აზერბაიჯანში პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა კონსტიტუციით დაცული ფუნდამენტური უფლებაა. თუმცა წინა სამართლებრივ პრაქტიკაში პირადი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სერიოზული ხარვეზები არსებობდა.

მისი თქმით, სამოქალაქო წესით სასამართლოში სარჩელის შესატანად აუცილებელ პირობად ითვლებოდა გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა. სწორი ინფორმაციის თანხმობის გარეშე გავრცელების შემთხვევაში კი ეფექტიანი დაცვის მექანიზმი არ არსებობდა.

ახალი გადაწყვეტილებით ეს სიცარიელე აღმოიფხვრა და პირადი ცხოვრების უფლება დამოუკიდებელ სამართლებრივ ინსტიტუტად იქნა აღიარებული. თუმცა იურისტი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ გარკვეულ შემთხვევებში კანონი შესაძლოა დამატებით პრობლემებს შექმნის, განსაკუთრებით -ჟურნალისტებისა და ბლოგერების საქმიანობის შეზღუდვის კუთხით.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი და ოჯახური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ჯამილ ჰასანლი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში თავისუფლებების შეზღუდვის სტრატეგიის ნაწილია.

მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ძირითადად იმოქმედებს ჟურნალისტებზე, ბლოგერებსა და ინფორმაციის გამავრცელებლებზე და მიზნად ისახავს მათი საქმიანობის შეზღუდვას. ჰასანლის თქმით, გადაწყვეტილება უფრო მეტად ემსახურება მმართველი ელიტის წარმომადგენლების პირადი ინფორმაციის საჯაროობის თავიდან აცილებას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ქარტიას, გაეროს წესდებასა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებთანაც აზერბაიჯანი მიერთებულია.

ჯამილ ჰასანლი ასევე აღნიშნავს, რომ თავად ხელისუფლების ორგანოები წლების განმავლობაში აგროვებდნენ და იყენებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ხოლო მის საჯაროდ გავრცელებით მიზანში ამოღებულ პირებზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია, გავრცელდება თუ არა ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზეც, რადგან დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მათთან დაკავშირებული სხვა უწყებები მოქალაქეების სახლებში ფარულ ვიდეომოწყობილობებს ამონტაჟებდნენ და მოპოვებულ მასალებს შანტაჟისთვის იყენებდნენ, ასევე მათ მედიასა და ვებგვერდებზე აქვეყნებდნენ.

ჰასანლის შეფასებით, არსებობს რისკი, რომ ხელისუფლება ამ კანონს გამოიყენებს ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ზოგადად ინფორმაციის სფეროში მომუშავე პირების თავისუფლების შესაზღუდად.

მასალების გადაბეჭდვის წესი