ახალი ამბები

“ფერმის კართან” სოფლის მეურნეობის პროდუქცია 21.6%-ით გაძვირდა — საქსტატი

24 თებერვალი, 2026 •
“ფერმის კართან” სოფლის მეურნეობის პროდუქცია 21.6%-ით გაძვირდა — საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 14%-ით გაიზარდა.

ეს ინდექსი ზომავს არა ქსელურ მარკეტში ან აგრობაზარზე არსებულ ფასებს, რასაც მომხარებელი ხედავს, არამედ იმას, რა თანხად ყიდის ფერმერი პროდუქციას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 22.6%-იანი მატებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 12.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 21.6%-ით. საქსტატის თანახმად, ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 28.6-იანი მატებით, რაც 16.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება — 16.4%-ით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 8.3%-ით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.23 და 1.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2025 წლის მეოთხე კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსები წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჯგუფების შესაბამისი წვლილები:

წყარო: საქსტატი

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით.

ინდექსი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:

      • ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, კარტოფილი და სხვა);
      • მრავალწლოვანი კულტურები (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვა);
      • ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვ.)

ინდექსის გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების წყაროა სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევა. გამოკვლევის შედეგად მიიღება მონაცემები ქვეყნის მასშტაბით პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობის, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების, საშუალო წველადობის, პირუტყვის საშუალო ნამატის, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი და აღებული ფართობების, წარმოებისა და საშუალო მოსავლიანობის შესახებ, მრავალწლოვანი კულტურების წარმოების, ასევე ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების რეალიზაციის შესახებ.

ინდექსის გაანგარიშებისათვის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთეულების ღირებულება წარმოადგენს მითითებულ პერიოდში სასოფლო მეურნეობათა მიერ რეალიზებული მემცენარეობის ან/და მეცხოველეობის პროდუქციის ჯამური ღირებულებისა და რეალიზაციის ჯამური მოცულობის ფარდობას. აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საშუალო ღირებულებას ფერმის კართან.

მასალების გადაბეჭდვის წესი