ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინკსი ადასტურებს, რომ საქართველომ წარუდგინა ევროკავშირს ინფორმაცია ყულევის პორტთან დაკავშირებით.

ევროკავშირი გუშინ ვერ შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე, რომლის ფარგლებშიც, არაოფიციალური ინფორმაციით, განიხილებოდა ყულევის პორტის სანქცირებაც.

„შემიძლია დავადასტურო, რომ სანქციების მე-20 პაკეტზე განხილვები გრძელდება. ამ ეტაპზე ერთსულოვნება არ არსებობს. ასევე, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია გარკვეულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ასევე მივიღეთ გარანტიები, რომ ეს ინფრასტრუქტურა სანქციების გვერდის ასავლელად არ იქნება გამოყენებული. იქნება თუ არა მოწოდებული ინფორმაცია და გარანტიები საკმარისი წევრი სახელმწიფოებისთვის, რათა ეს კონკრეტული ინფრასტრუქტურა არ დაექვემდებაროს სანქციებს, ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია. ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულებას“, — განაცხადა პაველ ჰერჩინკიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი მალე შეთანხმდება სანქციების ახალ პაკეტზე.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიას სრული ინფორმაცია მიაწოდეს ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ ყულევში სანქციების რეჟიმი არ ირღვევა.

„ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს, აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში. ლოგიკურად, გამომდინარე იქიდან, რომ ნული ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.