ახალი ამბები

რევოლუცია ვარდებით, ფატით და ტელევიზორით

23 ნოემბერი, 2010 • • 1154
რევოლუცია ვარდებით, ფატით და ტელევიზორით

რევოლუცია ტელევიზორიდან

მაია გიორგაძე, 52 წლის

2003 წელს რუსთავში ვცხოვრობდი. ნოემბრის მიტინგზე მე და ჩემი ოჯახი რამდენჯერმე ჩამოვედით, მაგრამ 23 ნოემბერი ტელევიზორიდან მახსოვს. მე და ჩემი მეუღლე სიხარულით ერთმანეთს ვეხუტებოდით. მერე ნაცნობებს, მეგობრებს, რა ვიცი, ყველას ვურეკავდით და ვულოცავდით. აღარ მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ჩვენი ზეიმი. ალბათ, მანამდე, სანამ ტელევიზორი ზეიმობდა ჩვენთან ერთად.

მაშინ ასე იყო, ტელევიზორი მუდამ იყო ჩართული, არაფერი რომ არ გამოგვრჩენოდა. დილიდან საღამომდე ვისხედით და ვუსმენდით. პოლიტიკა იყო ჩვენი ცხოვრება, სხვა არაფერი გვაინტერესებდა. ვინ რა თქვა, რატომ თქვა… რა კარგები იყვნენ ეს ახალგაზრდები, ვინც მაშინ გამოდიოდნენ ტელევიზიებით და საოცრად დამაჯერებლად საუბრობდნენ. მაშინ მეგონა, რომ ჩვენი ხსნა იყო ეს ხალხი, ჟვანიას და სააკაშვილის ხალხი. გვეგონა ქვეყანას ააშენებდნენ. კი არ გვეგონა, დარწმუნებული ვიყავით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა – რომ აი, გადადგება შევარდნაძე და საქართველო, როგორც იქნა, გახდება თავისუფალი და ჩვენი შვილები ბედნიერ ქვეყანაში გაიზრდებიან, მაგრამ არ მოხდა ასე.

გვიანი იყო, როცა მივხვდი, რომ გულზე ხელი არ უნდა დაგვეკრიფა და არ  ქვეყანა ასე ბრმად უნდა შეგვეტოვებინა პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ მაშინ ამის არც მთქმელი იყო ვინმე და არც – გამგონე. ვისხედით ასე, ჩვენთვის ჩუმად და არა უშავს, ასეა, ეტყობა, საჭირო–თქო – ვიძახდით. აი, ამის შედეგი. დღეს რა ხდება, სად წავიდა ჩვენი იმედები? სად წავიდა და დაამსხვრიეს. ჩვენი ბრალიცაა. გავირინდეთ ბედნიერებისგან, რომ აქაოდა, ეშველა ქვეყანასო და დაგვექცა თავზე ქვეყანა.

რეფორმებიო, ესა, ისაო და რა მივიღეთ? ამდენი ფული რომ დაახარჯეს ამ განათლების რეფორმას, გამოვიდა რამე? ნატო–ში და ევროკავშირში შევალთო და გამოვიდა რამე? რუსეთი ჩვენი მტერიაო და ვლანძღეთ და ვთათხეთ – რა მოვიგეთ? არაფერიც არ მოვიგეთ. ომი წავაგეთ და ბიჭები ჩავხოცეთ. მერე კიდევ კონცერტები ვმართეთ და რა ვიზეიმეთ, არც კი ვიცი. მაშინაც ტელევიზორთან ვიჯექი და იმ კონცერტზე კი ვტიროდი. მერე დავფიქრდი, რა საჭირო იყო ის კონცერტი ამ გაგანია ომში –მეთქი. ჰოდა, ეგ არის ჩვენი პრობლემა, მერე ვფიქრობთ და არა – მაშინ, როცა საჭიროა.

Image 2630
Image 2630

 

დიდი იმედგაცრუება

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი

მაშინ  იყო განცდა, რომ ქვეყანა ლპება და საჭიროა შველა.  ძალიან ცოტა იყო ისეთი ადამიანი, ვინც რევოლუციურ პროცესებს ეწინააღმდეგებოდა. გაყალბებული არჩევნები იყო ადამიანების პროტესტის მიზეზი. განსაკუთრებით, როდესაც აჭარიდან მოვიდა ხმები და ასლან აბაშიძემ აიღო 99%. 2 ნოემბერს ჩატარდა არჩევნები. შემდეგში მიტინგები ტარდებოდა, მაგრამ იმდენი ხალხი არ იყო. 22–ში მოხერხდა კამპანიის აგორება და უკმაყოფილების კონცენტრირება ერთ ადგილას.

საზოგადოებაში, 7 წლის შემდეგ თუ მოხდა ცვლილება, მხოლოდ – უარესობისკენ. თუ 2003 წელს  ადამიანებს იმის განცდა ჰქონდათ, რომ მათ რაღაც შეუძლიათ, ანუ ამ ქვეყანაში მათ რაღაც ეკითხებათ და თუ თავის ნებას გამოხატავენ, ეს ცვლილებებს გამოიღებს, ახლა ვხედავთ სულ სხვა სიტუაციას. ქვეყანაში არის ძლიერი ნიჰილიზმი. ადამიანების, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება. და თუ ვინმეს რაიმე იმედი აქვს, ისევ რევოლუციაზე ამყარებს, რაც ძალიან ცუდია.

2005 წლის შემოდგომიდან ოპოზიციაში ვარ და ეს თავისთავად მოქმედებს ჩემ დამოკიდებულებაზე. ჩემთვის ეს იყო დიდი იმედგაცრუება.

 

მუსიკალური ცენტრი აივანზე

გვანცა მერებაშვილი, დიასახლისი, 23 წლის

იმ დღეს გიორგობას აღვნიშნავდით ჩემ მეგობართან. მაშინ 16 წლის ვიყავი. ტელევიზორი გვქონდა ჩართული და როცა გამოაცხადეს, რომ შევარდნაძე გადადგა, ძალიან გაგვიხარდა. მახსოვს, ეზოდან ისმოდა ხალხის ჟრიამული, მანქანები სიგნალებით მოძრაობდნენ.

ჩვენც ძალიან აჟიტირებული ვიყავით. მუსიკალური ცენტრი გავიტანეთ აივანზე და მუსიკა ჩავრთეთ. დროშის ნაცვლად, ჯოხს ფატა მოვაბით და იმას ვაფრიალებით. ძალიან გვიხაროდა. თუმცა ზუსტად რა გვიხაროდა, ვერ გეტყვი. ალბათ ის, რომ ცვლილება მოხდა, ალბათ ის, რომ შევარდნაძე გადადგა. იმ დროს არ ვფიქრობდი იმაზე, ვინ მოვიდოდა შევარდნაძის შემდეგ და რა მოხდება.

იმ პერიოდში ჩემი ცხოვრება მთლიანად იყო რევოლუციით შევსებული. ეს ისეთი ამბავი იყო, რომ სულ ამ თემაზე ვსაუბრობდით. თან ტელევიზიებიც სულ რევოლუციის ამბებს გადმოსცემდნენ.

ალბათ, მოხდა ჩემ ცხოვრებაშიც გარდამტეხი და რევოლუციური, მართლა ბევრი რამე შეიცვალა მას შემდეგ. მდორედ მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, არაფერი იცვლებოდა. ერთ დღეს კი ყველაფერი მთლიანად შეიცვალა.

მერე, ალბათ, არც ხალხი ლაპარაკობდა დიდად პოლიტიკაზე და არც – ტელევიზიები. მეც დროდადრო ნაკლებად პოლიტიზირებული გავხდი.

საპროტესტო გამოსვლებში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ 7 ნოემბერს, როდესაც რეზინის ტყვიები ესროლეს ადამიანებს, მე ხალხს ვუთანაგრძნობდი. იმ ადამიანებზე, ვინც თავის დროზე გამახარა, გავბრაზდი.

2003 წლის ნოემბერი
2003 წლის ნოემბერი


ის ,ვინც 23–ში ვარდები იყიდა

დავით მუმლაძე, პროფესორი

 პარლამენტის შენობას რომ მივუახლოვდით, იქ ერთი კახელი კაცი ყიდდა ვარდებს. ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა იმიტომ, რომ კოლმეურნეობის მოედანზე არავინ იყო. ხალხი პარლამენტთან იყო შეკრებილი.

სპონტანურად გაჩნდა იდეა, რომ ვარდები მეყიდა. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ვარდი იყო, თუმცა– ბევრი. ერთ ყუთში რაც ეწყო, დაახლოებით 40 ცალი. ფული გადავუხადე, არც მე მივაჭრია და არც იმას.

განწყობა იმ დროს, რა თქმა უნდა, იყო ამაღლებული. მაგრამ, იმავდროულად, იყო იმის საფრთხე და შიში, რომ შესაძლოა სისხლი დაღვრილიყო.

რევოლუციამ ბევრი რამ შეცვალა. ქვეყანაში ცვლილებები არის. კარდინალურად განსხვავებულია სიტუაცია. ჩემ ცხოვრებაშიც მოხდა ცვლილებები. აღარ ვარ პოლიტიკაში, კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორი ვარ, კრიმინოლოგიაში.

 

ჩემი რევოლუცია ანუ ერთი დღე არა ივან დენისოვიჩის ცხოვრებიდან

 დავით პაიჭაძე,ჟურნალისტი

22 ნოემბერი, შაბათი, ჩემთვის არ იყო სამუშაო დღე. მაინც შევიარე სამსახურში. უმანქანოდ. იმხანად რადიო „თავისუფლების“ კორეპონდენტი ვიყავი. ოფისში, კინოს სახლის მე–5 სართულზე, ტელევიზორის წინ თამარ ჩიქოვანი და დათო უსუფაშვილი საუბრობდნენ. დათო ძალიან შეფიქრიანებული ჩანდა. მგონი, მაშინ ჯერ არ გაწევრიანებულიყო რესპუბლიკურ პარტიაში.

22 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოეცხადებინა. ჩვენც ვუყურებდით ტელევიზორს და ვლაპარაკობდით. ეკრანზე რა ჩანდა, არ მახსოვს. 

დღეს ყველაფერი მორჩება – თქვა თამარ ჩიქოვანმა, – გამოაცხადებენ შედეგებს, ესენი რამდენიმე დღეს კიდევ იდგებიან და ბოლოს დაიშლებიან.

არ მოხდება ეგრე, თამარ – ვუთხარი.

აბა, რა იქნება? – მკითხა არა ნამდვილი ცნობისმოყვარეობით, არამედ სურვილით, გაეგო, რა სისულელეს დავუყენებდი გვერდით მის უტყუარ პროგნოზს.

ხალხი შევა პარლამენტის შენობაში და აიღებს პარლამენტს – ვთქვი მე.

თამარმა ისეთი მზერა მომიცურა სახეზე, არასოდეს დამავიწყდება. ასე უსიტყვოდ და ასე ძლიერად ჩემთვის არავის დაუცინია.

მე წავედი თავისუფლების მოედანზე. ნაშუადღევს იქ მოქალაქეები უნდა შეკრებილიყვნენ. სახლიდანაც მაგისთვის ვიყავი გამოსული.

სამნი მივდიოდით: დათო უსუფაშვილი, მე და ერთი ქართველი ინტელექტუალი. დათო ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩასთან დაგვემშვიდობა.

ნოემბრის პირობაზე ძალიან თბილი და მზიანი დღე იყო. თავისუფლების მოედანზე მერიისკენ ზურგით ვიდექით და ვუყურებდით, ყველა ქუჩიდან როგორ მოდიოდნენ და იყრიდნენ თავს მოქალაქეები. დავინახეთ, როგორ დარბოდა ოპერატორით და მიკროფონით გურამ დონაძე.

რამხელა დაცინვაა – ირონიით თქვა ქართველმა ინტელექტუალმა, – რომ დემოკრატიის ბედი ახლა ამ ადამიანის ხელშია. 

შემდეგ მან ისიც თქვა, არჩევნებთან შეურიგებლობისათვის როგორ აგულიანებდა ქართველ არასამთავრობო აქტივისტებს საერთაშორისო ორგანიზაციათა ზოგიერთი წარმომადგენელი, თბილისში რომ მოევლინათ მისიების წევრებად.

თავისუფლების მოედანი მალე გაივსო. ყველამ პირი იბრუნა ლეონიძის ქუჩისკენ და ნელი სვლით აუყვა მცირე აღმართს. ჩუმად, მშვიდი დაძაბულობით, ხმადაბალი საუბრით. მე მივდიოდი პროფესორ ზურაბ კიკნაძის გვერდით. 

უცბად ლეონიძის ქუჩაზე რაღაც სითხე ჩამოედინა გვარიანი რაოდენობით. წყალს კი ჰგავდა, მაგრამ მაინც უცბადვე გავრცელდა და ყველას მოედო გაფრთხილება, სიგარეტი არ მოეწიათ და არც ძირს დაეგდოთ. ჩანს, შევარდნაძისგან მაინც ყველაფერს ველოდით. ზოგ მოქალაქეს ფანჯარა გაეღო, ხელს იქნევდა და ალბათ რაღაც გამამხნევებელს ამბობდა.

ინგოროყვას ქუჩას ცოტა გვაშორებდა, როცა ჩოჩქოლის ტალღა მოგვწვდა. არაფერი ჩანდა. წინ ვეღარ მივდიოდით. თუმცა, ცოტა ხანში ისევ დავიძარით. ქუჩის კუთხესთან დავინახეთ მიწაზე დაწყობილი საპოლიციო ფარები და განზე გამდგარი, ხელებჩამოშვებული, სპეცსამოსიანი ახალგაზრდა კაცები. ერთ–ორს თვალში ცრემლი ედგა.

სვლა გაგრძელდა კანცელარიამდე. იქ შევდექით და კარგა ხანს დავრჩით. მობილური ტელეფონები არ მუშაობდა. საიდანღაც უშნოდ მოკაზმული ჯაგლაგი ჩამოატარეს. ამჯერად ვიდექი რესპუბლიკელი ოთარ ზოიძის გვერდით. ოთარმა თქვა, კერძო საუბრებში როგორ მოუწოდებდა ერთი მღვდელმთავარი შეტევისა და შეუპოვრობისკენ. მღვდელმთავრის ვინაობა არ გაუმხელია.

არ მახსოვს, ვინ ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ახალ მემარჯვენეებს უარი ეთქვათ პარლამენტში შესვლაზე და ამით კვორუმი ვერ შემდგარიყო. თუმცა, ეს ცნობა მალე საპირისპირო შინაარსის ამბავმა შეცვალა. ისიც გავრცელდა, პატრიარქი სხდომაზე არ მივიდაო.

რა ხდებოდა, არაფერი ვიცოდი. უცნობი ორატორი მოგვიწოდებდა ვმდგარიყავით კანცელარიასთან, რადგან ეს ჭირდებოდა საქმეს. მე მეტის გაგება მსურდა და პარლამენტისკენ წავედი. ამჯერად თემურ მჟავიასა და ეთერ ასტემიროვასთან (აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები) ერთად მოვხვდი.

პარლამენტს უკანა შესასვლელიდან მალე მივუახლოვდი, ხალხმრავლობის მიუხედავად გავძვერ–გამოვძვერი და მარცხენა ფლიგელის კართან ამოვყავი თავი. ეზოში შესასვლელ ჭიშკარს რამდენიმე ადამიანი ამაოდ ეჯაჯგურებოდა. შესასვლელს ბლომად ხალხი შემოჯარვოდა. კარი დაეკეტათ და პარლამენტში ვერავინ შედიოდა. კართან იდგა კოპებშეკრული ბადრი ბიწაძე და მშვიდად განმარტავდა გარეთ ყოფნის საჭიროებას. საიდანღაც ჩემს გვედრით აღმოჩნდა ანდრო ბარნოვი. ჩვენ და ხუთიოდე კაცმა დავუჯერეთ ბიწაძეს და რაღაც ცოცხალი ჯაჭვის მსგავსი შევკარით კარის წინ. 

უცებ გამოჩნდა ზვიად ძიძიგური, კარზე ძლიერად დააკაკუნა და მოითხოვა, პარლამენტის წევრი ვარ, შემიშვითო. გაუღეს და შეუშვეს, ხოლო კარი ისევ ჩაკეტეს შიგნიდან. ის ჩვენი ექვს თუ შვიდკაციანი ცოცხალი ჯაჭვი ტყუილად გვეყენა, რადგან აგრესიულად არავინ იწეოდა კარისკენ. 

მთელი ამ ხნის მანძილზე წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება პარლამენტში.

ცოტა ხანში კარი ისევ გაიღო და შენობაში მყოფმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, ყველანი შემოუშვითო. მე სხვებთან შედარებით ცოტა გვიან შევედი. მარცხენა ფლიგელის ლიფტებისკენ რომ გავიქეცი (თან დაცვას გზადაგზა ვუფრიალებდი ჟურნალისტის აკრედიტაციას – როგორ ჭირდებოდათ!), დავინახე, ბადრი ბიწაძე პარლამენტის ეზოში გამავალ კართან იდგა და მოქალაქეთა ნაკადს სწორედ იქით, ეზოში უშვებდა. ამჯერად აღარ დავუჯერე (ეზოში რა მინდოდა), პირდაპირ წავედი, ვიწრო დერეფანი გავირბინე და პარლამენტის სხდომათა დარბაზის თითქმის ცარიელ ჰოლში აღმოვჩნდი. მაშინ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად შევაღე სხდომათა დარბაზის კარი. 

დარბაზიც ასევე თითქმის ცარიელი იყო. რამდენიმე ადამიანს წიხლქვეშ გაეგდო დეპუტატი ჯემალ გოგიტიძე და თავდავიწყებით, მენადური აღტყინებით ურტყამდა. მე გამახსენდა, რომ აქამდე ყველაფერი უმსხვერპლოდ მიდიოდა და ძალიან არ მომინდა, ჯემალი ქცეულიყო ზვარაკად. თან, როგორ ვთქვა და, შემეცოდა. მივვარდი და მცემელებს სათითაოდ ვაგლეჯდი. იმდენად ატანილები თუ შეპყრობილები იყვნენ, რომ ვერც გრძნობდნენ ამას. თან ჯემალის ცემის მოსურნეებიც არ ილეოდნენ. ერთი „აგლეჯილი“ სრულიად შეშლილი, წითელი, ანგრეული სახით მომიტრიალდა და დავასწარი, ბოლო ხმაზე ვუღრიალე: „მაგის დედაც მოვტყან!“ – მივუთითე ჯემალზე – „მაგრამ არ გინდა, რაში გჭირდება!“ რატომღაც გაჭრა. ამასობაში გაფითრებული გოგიტიძე, მორღვეული პერანგითა და სისხლის ლაქებით, ვიღაცეებმა გამოაძვრინეს და დარბაზიდან გაიყვანეს.

დარბაზში კი დეპუტატების შესასვლელი კარიდან შემოდიოდა და შემოდიოდა ხალხი. უხმოდ, გამშრალი და გაფითრებული იდგა ელენე თევდორაძე. სამთავრობო ლოჟის მხრიდან გამოჩნდა მხრებზე დროშაშემოხვეული (რა თქმა უნდა, ხუთჯვრიანი) ელდარ შენგელაია და უბედნიერესი სახით გადამეხვია. მე ვუთხარი: რაღას უცდით, დროზე, ნინო ბურჯანაძემ გააკეთოს განცხადება, რომ თავის თავზე იღებს პრეზიდენტის ფუნქცათა შესრულებას. რატომღაც რომ ეს უჩემოდაც არ ცოდნოდათ.

დარბაზში კი ზეიმობდნენ. თინა ხიდაშელი და მე ჯერ ერთმანეთს გადავეხვიეთ, მერე დავდექით სამთავრობო ლოჟაში და ზურა ბურდულს (ახლა წითელ ჯვარში მუშაობს და სადღაც აფრიკაშია) ვთხოვეთ, სურათი გადაეღო. თინას წინ იდო წარწერა „კობა ნარჩემაშვილი“. შუა დარბაზში, მოზეიმე და გაბრწყინებულ ადამიანთა შორის ვხედავდი კახა ლომაიასა და მის ცოლს. კახას ხელები გაეშალა და მგონი, მღეროდა. პარლამენტის ხმის რეჟისორი დაუსრულებლად აგუგუნებდა სიმღერას ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“.

დარბაზიდან გამოვედი და აღმოვჩნდი პარლამენტის წინ, მიტინგზე. საკვირველებავ, იქ მყოფებმა არაფერი იცოდნენ. უკვე ბნელოდა. უცებ ვიგრძენი, რომ ძალიან მომშივდა. წავედი „ნიკალაში“.

„ნიკალაში“ შევუერთდი ნაცნობების ჯგუფს (მათგან მარტო თეო ხატიაშვილი მახსოვს). 21 ლარის საჭმელი ვჭამე (ჩეკს კარგახანს ვინახავდი). შემოვიდა ლაშა ბაქრაძე და დაიგრგვინა: “ვისია საქართველო?!!!“ ერთხმად უპასუხეს, ვისიც იყო. ტელეფონები ამუშავდა და ტელეკომპანია მე–9 არხმა დამირეკა, ეგებ ჩვენთან მოხვიდეთ და კომენტარი გააკეთოთ დღევანდელ დღეზეო.

მე–9 არხზე, ეთერის მოლოდინში ვნახე, რაც მომხდარა ამ დღეს: ვარდი, გადადექი, ჩაი, შევარდნაძის ციმციმ წაცუხცუხება. ვგრძნობდი შვებას, ცოტა მღელვარებას და ვიყავი ბედნიერი.

არ მახსოვს, ეთერში რა ვთქვი, ერთადერთი ფრაზის გარდა: რუს რეჟისორსა და პარლამენტის წევრს, სტანისლავ გავარუხინს გადაღებული აქვს ფილმი „РОССИЯ, КОТОРУЮ МЫ ПОТЕРЯЛИ“. ახლა შეუძლია გადაიღოს ახალი ფილმი, ГРУЗИЯ, КОТОРУЮ МЫ ПОТЕРЯЛИ–მეთქი. ძალიან მკაფიოდ მქონდა მაშინ ეს შეგრძნება – შეგრძნება, რომ რუსეთს ვწყდებოდით.

ეთერის შემდეგ კიტა მხეიძემ წამოგვიყვანა გოგა ხაინდრავა და მე. ხაინდრავა რუსთაველზე ჩამოსვა, მე – სახლთან. კიტას ეფიქრებოდა, რას იზამდა შევარდნაძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. მე – არა. და არ მესმოდა მისი დაძაბული სიფრთხილის. არ ვიცოდი – ვგრძნობდი, რომ შევარდნაძე ვეღარაფერს ვეღარ იზამდა.

ხოლო სიტყვებთან, რომელიც ვუთხარი თამარ ჩიქოვანს, ინტუიცია არაფერ შუაშია. წინა დღეს, 21–ში დილით, მძიმე ხასიათზე, თითქმის დათრგუნული მივედი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლევან ბერძენიშვილთან. სწორედ მან დამამშვიდა და მითხრა, თუ წესიერი შედეგი არ იქნა, ხალხი შევა და აიღებს პარლამენტსო. მეც დავიჯერე.

ჩემი რევოლუცია 22 ნოემბერს მოხდა.

რევოლუციის შემდეგ გაჩნდა უჩვეულო მდგომარეობა: მოლოდინი და სურვილები ერთმანეთს დაემთხვა. მანამდე, შევარდნაძის დროს, მქონდა სურვილები, მაგრამ მათ ასრულებას არ მოველოდი. ცხადია, პირად სურვილებსა და მიზნებს არ ვგულისხმობ.

ყველაზე მეტად ველოდი და მსურდა რეფორმა ორ სფეროში – ეკონომიკასა და განათლებაში. ყველაზე მოულოდნელი გახდა პოლიციის რეფორმა. ასეთი მკვეთრი გარდასხვა, ასეთი რადიკალური ცვლილება ვერც წარმომედგინა. რეფორმის შემდეგაც რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ პოლიციის დანახვისას სტრესი აღარ მეგრძნო – იმდენად სამარცხვინოდ, უსამართლოდ და საზიზღრად ექცეოდნენ მოქალაქეებს რეფორმამდე, წლების მანძილზე.

მიმაჩნია, რომ განათლების რეფორმა არ დასრულებულა. რეფორმამ გამოკვეთა მთავარი წუხილები – მოსწავლეთა უკმარი წიგნიერება, მასწავლებელთა პროფესიული ჩამორჩენა, სწავლების მეთოდების არცოდნა, სწავლისა და ცოდნის, როგორც საყოველთაოდ გაზიარებული ღირებულების შეუმდგარობა, სიბეჯითისა და ნებისყოფის დეფიციტი… ეს კულტურის პრობლემებიცაა. შესაბამისად, რევოლუციის შემდგომი საზოგადოების ამოცანა არის კულტურის ცვლილება. ჩემი დაკვირვებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, იმოქმედოს კულტურაზე – ამ სიტყვის ფართო გაგებით. მოკლე ვადაში ძნელია, ელოდო ასეთი ცვლილების შედეგს. თან კულტურის ცვლილებასა და ამისთვის საჭირო პოლიტიკაზე ყველას ჩვენ-ჩვენი წარმოდგენა გვაქვს.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი