ოპოზიციური პარტიები ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებენ.
ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ევროპული საქართველო“.
„ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.
მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილეე მოქალაქეებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევრებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.
კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწმავლის შესახებ“, – ნათქვამია პარტიების განცხადებაში.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი — ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite). „ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
სუს-მა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს ექიმები, რომელთა კვლევაც BBC-ის გამოძიებაში ფიგურირებს.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW), გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისს მიმართა, ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში.








