ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უნგრეთი ბლოკავს მილსადენ „დრუჟბის“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო და აცხადებს, რომ სანამ უკრაინა არ განაახლებს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთსა და სლოვაკეთში, მანამდე კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ დაუშვებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების მე-20 პაკეტზე. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და გზავნილი, რომლის გახმიანებაც დღეს არ გვსურდა, თუმცა მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა კაია კალასმა.

როგორც კაია კალასმა თქვა, უნგრეთის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვა სიახლე არ არის და ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებენ.

„ჩვენ ეს სცენარი [უნგრეთის მიერ გადაწყვეტილების დაბლოკვა] ადრეც გვინახავს. ასევე ვნახეთ, რომ ჩვენ შევძელით ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღწევა. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა დონეზე უნგრელ და სლოვაკ კოლეგებთან, რათა წინ წავიწიოთ ამ პაკეტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, არასოდესაა მარტივი, მაგრამ მუშაობა გრძელდება. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხვალ ამ ომის დაწყების წლისთავია და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ძლიერი სიგნალების გაგზავნა უკრაინისთვის იმის შესახებ, რომ ვაგრძელებთ მათ დახმარებას, მაგრამ ასევე ვაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე, რათა ეს ომი შეწყდეს“, – განაცხადა კაია კალასმა.

უნგრეთსა და სლოვაკეთს „დრუჟბის“ გავლით ნავთობი 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინული მხარის განცხადებით, ამის მიზეზი ბროდიზე რუსეთის თავდასხმაა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 23 თებერვალს განაცხადა, რომ „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტა არა რუსული რაკეტების ბრალი, არამედ უკრაინის მთარობის გადაწყვეტილებაა. მსგავს პოზიციას იზიარებს სლოვაკეთიც.

პეტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ ამ მიზეზით უნგრეთი გააგრძელებს როგორც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტის, ასევე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული სესხის დაბლოკვას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა უარყოფს და გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების ულტიმატუმებსა და შანტაჟს „დრუჟბის“ ნავთობსადენის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.