ახალი ამბები

დარბევების შემდეგ, ირანელმა სტუდენტებმა პირველი მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გამართეს

22 თებერვალი, 2026 •
დარბევების შემდეგ, ირანელმა სტუდენტებმა პირველი მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გამართეს

სასტიკი დარბევების შემდეგ, ირანელმა სტუდენტებმა პირველი მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გამართეს.

როგორც BBC წერს, ირანის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გამართეს, რაც მსგავსი მასშტაბის პირველი გამოსვლებია გასულ თვეში ხელისუფლების მიერ აქციების სისხლიანი დარბევის შემდეგ.

BBC-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მართავენ დემონსტრანტები მსვლელობას თეირანის შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსში შაბათს.

BBC-ს ცნობით, მოგვიანებით სტუდენტებსა და ირანის რეჟიმის მომხრეებს შორის შეტაკებები მოხდა.

მედიის ინფორმაციით, მჯდომარე აქცია გაიმართა თეირანის კიდევ ერთ უნივერსიტეტში, საპროტესტო გამოსვლების შესახებ კი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთიდანაც იტყობინებიან.

როგორც BBC წერს, სტუდენტებმა პატივი მიაგეს იანვრის მასობრივი პროტესტების დროს დაღუპულ ათასობით ადამიანს.

BBC-ის მიერ ვერიფიცირებული კადრები აჩვენებს ასობით მომიტინგეს, რომლებიც შაბათს, ახალი სემესტრის დაწყებისას, მშვიდობიანად მიაბიჯებენ შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. შეკრებილები სკანდირებდნენ: „სიკვდილი დიქტატორს!“ და სხვა ანტისამთავრობო ლოზუნგებს.

ვიდეოს დასაწყისში ჩანს მთავრობის მომხრეთა ცალკეული ჯგუფი, რომელთაგან ბევრს ირანის სახელმწიფო დროშა უჭირავს. მოგვიანებით ორ ბანაკს შორის შეტაკებები იწყება. BBC-ს მიერ მოპოვებული ფოტოები ასევე ასახავს მშვიდობიან მჯდომარე აქციას დედაქალაქის შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტში. BBC-მ ასევე გადაამოწმა კადრები თეირანის ამირ ქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, სადაც ასევე ისმოდა ანტისამთავრობო შეძახილები.

ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მაშჰადში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სტუდენტები სკანდირებდნენ: „თავისუფლება, თავისუფლება!“ და „სტუდენტებო, იყვირეთ, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის!“. BBC-ს ცნობით, დღის განმავლობაში მასშტაბური დემონსტრაციების შესახებ ინფორმაცია სხვა ადგილებიდანაც გავრცელდა, ისმოდა მოწოდებები კვირას აქციების გაგრძელების შესახებ.

ამ ეტაპზე უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე დემონსტრაციების დროს.

გასულ თვეში ირანში დაწყებული პროტესტი ეკონომიკური უკმაყოფილებით დაიწყო და მალევე გადაიზარდა ყველაზე მასშტაბურ ტალღაში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. აშშ-ში ბაზირებული „ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტოს“ (Hrana) განცხადებით, დადასტურებულია სულ მცირე 7,015 ადამიანის მკვლელობა, მათ შორის 6,508 მომიტინგის, 226 ბავშვისა და ხელისუფლების 214 წარმომადგენლის. ეს მონაცემები 15 თებერვალს განახლდა. სააგენტო ასევე იძიებს კიდევ 11,744 შესაძლო გარდაცვალების შემთხვევას.

ირანის ხელისუფლებამ გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ დაიღუპა 3,100-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ამტკიცებენ, რომ უმეტესობა უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი ან გამვლელი იყო, რომლებსაც „მეამბოხეები“ დაესხნენ თავს.

BBC ხაზს უსვამს, რომ შაბათის პროტესტი იმ დროს ჩატარდა, როდესაც ირანის ხელისუფლება აშშ-სთან შესაძლო ომისთვის ემზადება. ემიგრაციაში მყოფი ოპოზიცია კატეგორიულად მოუწოდებს პრეზიდენტ ტრამპს, შეასრულოს მუქარა და განახორციელოს დარტყმა, იმ იმედით, რომ ეს არსებული მთავრობის სწრაფ დამხობას გამოიწვევს. თუმცა, სხვა ოპოზიციური ჯგუფები გარე ჩარევის წინააღმდეგნი არიან.

„აშშ ირანის მახლობლად სამხედრო ძალებს აძლიერებს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ შეზღუდული სამხედრო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს. აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ეჭვობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიისწრაფვის, რასაც თეირანი მუდმივად უარყოფს.

სამშაბათს, შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე, ამერიკელმა და ირანელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ მიმართულ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტრამპმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მსოფლიო „სავარაუდოდ, მომდევნო 10 დღის განმავლობაში“ შეიტყობს, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას, თუ აშშ სამხედრო ზომებს მიმართავს. ამერიკის ლიდერი წარსულში მხარს უჭერდა მომიტინგეებს და ერთხელ ისინი გაამხნევა, რომ „დახმარება გზაშია“, – წერს BBC.

მასალების გადაბეჭდვის წესი