გამოცემა “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე “ქართული ოცნების” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მამუკა მდინარაძის “შეკერილია”.
კილაძის წერილს მისი შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. წერილში წერია, რომ კილაძეს ჰქონდა ინფორმაცია მამუკა მდინარაძისა და მისი სიმამრის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რის გამოც მდინარაძემ ის “დააჭერინა”. გარდა ამისა, კილაძე წერს, რომ მისი დაკაცების შესახებ ინფორმირებული იყო “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.
“ირაკლი კობახიძემ იცოდა, რომ მიჭერდნენ, ნინო ჯღარკავამ წინა დღით მოყვა მეგობრებში, ველაპარაკე კილაძეზე და მითხრა დავიჭერთო […] მამუკა მდინარაძის კრიპტოვალუტაზე (241 ბიტკოინი) ინფორმაციის მოპოვებისას, მამუკა მდინარაძემ თხოვნით დაურეკა დავით მიქაძეს, სთხოვა, მასალა არ გამესაჯაროებინა (მათ კონფლიქტებზე სხვა დროს ვისაუბრებ), ისევე როგორც ირაკლი სეხნიაშვილს სთხოვა არ გამომექვეყნებინა მისი სიმამრის მეგობარი ქალის ტენდერებზე ინფორმაცია (მდინარაძე იყო ირაკლი სეხნიაშვილის ადვოკატი). საქმე მისი შეკერილია, მოტივი იყო ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ჩამოშლა […] ჩემი პროფესიის “მსხვერპლი” ვარ. ჯერ ჩემი შვილი დააკავეს 2017 წელს, ახლა მე. გპირდებით, ყველაზე ხმაურიანი პატიმარი ვიქნები! ბრძოლა ციხიდან გრძელდება|”, – წერია წერილში.
ელისო კილაძე 18 თებერვალს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს თაღლითობისა და [სსკ-ის 180-ე მუხლი] და ფულის გათეთრების [სსკ-ის 194-ე] მუხლებით, რისთვისაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ვერსიით, თაღლითური ქოლცენტრების მუშაობიდან იღებდა შემოსავლებს. კილაძესთან ერთად, იმავე საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, მერაბ ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს და სხვებს.
ამავე თემაზე:







