უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ოლექსანდრ პივნენკომ განაცხადა, რომ უკრაინას ომის გაგრძელება კიდევ რამდენიმე წელი შეუძლია.
BBC News Ukrainian-თან ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, თუ ცეცხლი სწრაფად არ შეწყდება, უკრაინა ომს წააგებს.
„ჩვენ 100%-ით შეგვიძლია კიდევ რამდენიმე წელი ვიბრძოლოთ. თუმცა ომები საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ზოგადად, ამ პლანეტაზე ტერიტორიებისა და რესურსების გამო ადამიანების ხოცვა ისეთი რამაა, რისი გაგებაც გვიჭირს. ეს უნდა შეწყდეს“.
პივნენკომ განმარტა, რომ სამხედრო თვალსაზრისით უკრაინისთვის გამარჯვება ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას ნიშნავს. მან აღიარა, რომ ეს შესაძლოა არ იყოს მყისიერი პრიორიტეტი, მაგრამ სტრატეგიულად უკრაინა ამ მიზნის ერთგული რჩება.
„უკრაინისთვის გამარჯვება სამხედრო კუთხით, რა თქმა უნდა, საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებაა“, — ხაზგასმით აღნიშნა მან. „მესმის, რომ დღეს ეს შეიძლება არ იყოს მიმდინარე ამოცანა, მაგრამ სამომავლოდ კვლავ გადამწყვეტ მიზნად რჩება. ამას შესაძლოა რამდენიმე ათწლეული დასჭირდეს – ამას მნიშვნელობა არ აქვს“.
კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა უკრაინა ტერიტორიულ დათმობებს, მან უპასუხა, რომ კიევი ამ ეტაპზე მსგავს ვარიანტს არ განიხილავს.
„ცეცხლის შეწყვეტა შეხების ხაზის გასწვრივ – ეს ისაა, რაც შეიძლება გავიგოთ. მაგრამ ტერიტორიების დათმობას არავინ აპირებს“, — განაცხადა მან.
თუმცა პივნენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები შეასრულებენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნებისმიერ ბრძანებას, მაგრამ, მისივე სიტყვებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საზოგადოება შეეგუოს ტერიტორიების დათმობის გადაწყვეტილებას უკვე განცდილი დანაკარგების შემდეგ.
„ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ. მაგრამ როგორ აღიქვამს ამას ჩვენი ხალხი და საერთოდ, რატომ ვიწუხებდით თავს თავდაცვით, [თავიდანვე] შესაძლებელი იყო უბრალოდ ჩაბარება, მაგალითად, ლუგანსკისა და დონბასის, და ომის, ასე ვთქვათ, დასრულება“.
პივნენკომ დასძინა, რომ ხალხი ომით გადაღლილია და მისი დასრულების იმედი აქვს, მაგრამ გადამწყვეტი კითხვაა — რა ფასად.
„ყველას სურს ომის დასრულება. მაგრამ ჩვენთვის მთავარი კითხვაა — რა ფასად? ან ეს არის ცეცხლის შეწყვეტა – რასაც, ვფიქრობ, ყველა დაეთანხმებოდა – რაც საშუალებას მოგვცემდა გადაგვეხედა შემდგომი ქმედებებისა და შეთანხმებებისთვის, ან ეს არის ტერიტორიების დაკარგვა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირ ტერიტორიას არ დავთმობთ, ამაში დარწმუნებული ვარ“.
13 თებერვალს ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უნდა იმოქმედოს“ და რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად გარიგებას მიაღწიოს. ტრამპის ეს კომენტარი მედიაში გავრცელებული იმ ცნობების ფონზე გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ისა და უკრაინის მომლაპარაკებლებმა მარტში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და მაისში უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა შესთავაზა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ზაფხულისთვის დასრულდეს, რადგან ვაშინგტონის ყურადღება შემდგომში აშშ-ის კონგრესის არჩევნებზე გადავა. 17 თებერვალს, ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებების წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა „ჯობს სწრაფად მიუჯდეს მაგიდას“. იმავე დღეს, Axios-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „არასამართლიანია“, როდესაც ტრამპი მშვიდობისთვის საჯაროდ კვლავ უკრაინას მოუწოდებს დათმობებისკენ და არა რუსეთს. თეთრი სახლის ინფორმაციით, 17-18 თებერვალს ჟენევაში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ორივე მხარემ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია.








