სამოქალაქო აქტივისტ ბაია მარგიშვილს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა სასამართლოში მასალების დახევის საქმეზე, რის გამოც 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბაია მარგიშვილის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით, და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან ორ წლამდე პატიმრობით. საქმე ეხება ბაია მარგიშვილის ქმედებას გასული წლის 7 ნოემბერს, გზის გადაკეტვის საქმეზე მიმდინარე სხდომაზე, როდესაც მან საქმის მასალები დახია და მოსამართლე ზვიად ცეკვავას მაგიდაზე დაუყარა. მაშინ ზვიად ცეკვავამ ბაია მარგიშვილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საფუძველზე, „სასამართლოს უპატივცემულობისთვის“ 200 ლარით დააჯარიმა, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.
ახლა, აქტივისტის თანახმად, მას სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს.
„აბსურდია და სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს ეწინააღმდეგება, ერთი და იგივე ქმედებისთვის ადამიანი ორჯერ გაასამართლო. მოსამართლეს შეეძლო აერჩია ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალს შორის, მან აირჩია 200-ლარიანი ჯარიმა და ახლა მოუნდათ, იგივე ქმედებისთვის სისხლის სამართლის წესითაც გამასამართლონ“, — ამბობს ბაია მარგიშვილი „ნეტგაზეთთან“.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით პროკურატურა სისხლისსამართლებრივ გამოძიებას იწყებს – სამშაბათს, 10 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ახალი ბრალი წარუდგინეს პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ნიკა მელიას – გამოძიება მას მოსამართლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
სასამართლოში მასალების დახევის გამო ბრალი სისხლით წარმიდგინეს – ბაია მარგიშვილი








