ახალი ამბები

ბრალს არ ვაღიარებ – ელისო კილაძე

18 თებერვალი, 2026 •
ბრალს არ ვაღიარებ – ელისო კილაძე

„ქრონიკა +“-ს დამფუძნებელი ელისო კილაძე დაკავების შემდეგ პირველ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ ბრალს არ აღიარებს.

ელისო კილაძის წერილს მის მიერ დაფუძნებული CNews ავრცელებს.

„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემ მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც, ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემ მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის, სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს.

რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის ქოლცენტრების მხილებაში – (კონკურენტებს ანადგურებსო). ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში ქოლცენტრების არსებობა ვიცოდი. დასახელებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა, ბრძოლა იქნება ბოლომდე. ოჯახს გამძლეობა“, — ნათქვამია ელისო კილაძის წერილში.

ელისო კილაძე თაღლითური ქოლცენტრების საქმეზეა დაკავებული. მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელისო კილაძესთან ერთად იმავე საქმეზე ბრალს უყენებენ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, მერაბ ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს და სხვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი