სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, თეა ჯუღელი ადასტურებს, რომ 2021 წელს „ქართული ოცნებისთვის“ 10 ათასი ლარი აქვს შეწირული.
თეა ჯუღელის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრი იყო და ახლაც ეთანხმება ამ პარტიის მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმას.
„მე ვიყავი პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და საარჩევნო სიით ვიყრიდი კენჭს და კენჭს სადაც ვიყრიდი, იქ ჩავრიცხე [10 ათასი]. ეს რეფორმა აუცილებლად საჭირო იყო, რომ 30 წლის შემდეგ გაკეთებულიყო“, – განაცხადა თეა ჯუღელმა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმა, რომელიც მათი თქმით, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს ეფუძნება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არაერთ პროგრამას აუქმებს. მათ შორისაა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომელსაც სტუდენტების მიღება მხოლოდ აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე და პედაგოგიკის სპეციალობებზე შეეძლება.
ამ გადაწყვეტილებას აკადემიური სფეროს არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს უნივერსიტეტების ავტონომიაში ჩარევაა.
სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ პაპასქირის განცხადებით, ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.
„თუ ქაღალდზეც აღარ გვექნება აფხაზეთის უნივერსიტეტი და არ გვეყოლება კანონიერი ხელისუფლება, მაშინ გამოგვიცხადებია კაპიტულაცია. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რადგან ხვალ შეიძლება აფხაზეთის დევნილი მთავრობაც გააუქმონ“ ,– ამბობს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი „ბათუმელებთან“.








