ახალი ამბები

რა არგუმენტებით თქვა უარი საკონსტიტუციომ ვლადიმერ ხუჭუას წარდგინების განხილვაზე

16 თებერვალი, 2026 •
რა არგუმენტებით თქვა უარი საკონსტიტუციომ ვლადიმერ ხუჭუას წარდგინების განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლომ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას წარდგინების განხილვაზე უარი თქვა.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონები ანტიკონსტიტუციურია. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის [წვრილმანი ხულიგნობა] შენიშვნის მე-4 ნაწილისა და 173-ე მუხლის [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] შენიშვნის მე-4 ნაწილზე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა პირველად ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმის გადაუხდელობის ფაქტი (მიუხედავად გადაუხდელობის მიზეზებისა), ავტომატურად წარმოშობს ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულო საფუძველს სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას პოზიციით, აღნიშნული მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა არაპროპორციული სასჯელის აკრძალვის კონსტიტუციურ მოთხოვნას, თანასწორობის ნორმა-პრინციპსა და ადამიანის ფიზიკური თავისუფლების დაცულობას

საკონსტიტუციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ ვლადიმერ ხუჭუა არასწორად აღიქვამდა საერთო სასამართლოს მოსამართლის როლს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის სფეროში, ისევე როგორც, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებს.

„საკონსტიტუციო სასამართლომ, უწინარეს ყოვლისა, გააანალიზა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო თითოეულ კონსტიტუციურ წარდგინებას და მივიდა დასკვნამდე, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო განიხილავდა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესაძლო ჩადენის ფაქტზე. თავის მხრივ, კონსტიტუციური წარდგინებებით სადავოდ გამხდარი დანაწესი მიემართებოდა ზემოხსენებულ სამართალდარღვევათა არა პირველად, არამედ განმეორებით ჩადენის შემთხვევას. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარდგინებების ავტორი არ იდგა მის მიერ განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გასაჩივრებული რეგულაციების გამოყენების საჭიროების წინაშე, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის აუცილებელი საკანონმდებლო წინაპირობაა.

კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი არ უარყოფდა, რომ სადავო ნორმები მის განხილვაში მყოფი საქმეების გადაწყვეტისთვის უშუალოდ გამოსაყენებელი კანონი არ იყო, თუმცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, გასაჩივრებული რეგულაციები გამოიწვევდა მათი კონსტიტუციური უფლებების სამომავლოდ დარღვევას, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენის დროს.

ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კონსტიტუციური წარდგინების მექანიზმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ ნორმებთან მიმართებით, რომელიც მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში უნდა გამოიყენოს საქმის განმხილველმა სასამართლომ და ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა უფრო ფართო, შორს მიმავალი განმარტების საშუალებას კონსტიტუცია და წარდგინების ინსტიტუტის მარეგულირებელი ორდინალური კანონმდებლობა არ იძლეოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ კონსტიტუციური წარდგინების მეშვეობით ისეთი ნორმების გასაჩივრება, რომელიც დაწყებულ სამართალწარმოებაში გამოსაყენებელი კანონი ვერ იქნება, უსაფუძვლოდ გამოიწვევდა საქმის განხილვის შეჩერებას, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციურ პრინციპთან და ინდივიდთა უფლება-მოვალეობების დროულად განსაზღვრულობის ინტერესთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი ფართოდ და იმავდროულად არასწორად აღიქვამდა საერთო სასამართლოს მოსამართლის როლს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის სფეროში, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებს, რომლის თანახმადაც იგი აღჭურვილია უფლებამოსილებით, საერთო სასამართლოების წარდგინების საფუძველზე იმსჯელოს არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ იმ კანონის (ნორმატიული აქტის) შესახებ, რომელიც უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ მის განხილვაში მყოფი კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვლადიმერ ხუჭუას კონსტიტუციური წარდგინებები არ აკმაყოფილებდა დასაბუთებულობის მოთხოვნას და არ უნდა ყოფილიყო არსებითად განსახილველად მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი