თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეში არსებული ჩანაწერი დამონტაჟებულია, “რის გამოც ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია” – ამ ინფორმაციას TV პირველი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ავრცელებს.
საუბარია აუდიოჩანაწერზე, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს. ჩანაწერის მიხედვით, ბაჩო ახალაია ესაუბრება პაატა ბურჭულაძეს, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული.
TV პირველის ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ შსს-ს კრიმინალურ-საექსპერტო დეპარტამენტის ექსპერტები, ზურაბ ოქროპირიძე და დავით გრატიაშვილი. დასკვნაში წერია, რომ პროკურატურის მტკიცებულების ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია მასზე მონტაჟის კვალის გამო.
სავარაუდოდ, ამ ჩანაწერის საქმის მტკიცებულებად დართვას მაინც მოითხოვს პროკურატურა დღეს, 16 თებერვალს დაგეგმილ წინასასამართლო სხდომაზე. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბრალდების მხარე სხდომის დახურვის შუამდგომლობას დააყენებს.
“დახურვის მოტივაცია გახლავთ შემდეგი – მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებულია იმგვარი მტკიცებულებები და მონაწილე პირები გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე არის საიდუმლო მასალები, რის გამოც მიზანშეწონილად მიგვაჩნია სასამართლო სხდომის დახურვა”, – განაცხადა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა.
ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ სხდომის დახურვის რეალური მიზეზია საზოგადოებისთვის მტკიცებულებათა შესახებ ინფორმაციის დამალვა. ნადარეიშვილი ირწმუნება, რომ საქმეში არ დევს საკმარისი მტკიცებულებები ახალაიასთვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად.
“არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, საერთოდ, საქმეში. არანაირი მოწმე არ არსებობს და ზუსტად ამიტომ არის დახურული, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს ის სიმართლე, რისთვის ჰყავთ ბაჩო ახალაია დაკავებულ. ეს არის ერთადერთი არგუმენტი”, – ამბობს ნადარეიშვილი.
ის ახალაიას ინტერესების დამცველი ადვოკატია, თუმცა სხდომაზე დასწრების უფლებას არც მას აძლევენ. როგორც ნადარეიშვილმა თქვა, ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ პროკურატურას სურს მოწმის საკით დაკითხოს. თუმცა, ამბობს, რომ გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და უარს იტყვის საკუთარი ოჯახის წევრის, ამ შემთხვევაში ქმრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. მას 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას“ ედავებიან, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.







