საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს, 12 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად და მკვეთრად გაზრდილია. 2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და, მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი.
ამისათვის ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული. თუმცა ვფიქრობ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს ქვეყანაში შემოყვანილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.








