ახალი ამბები

გილაური: ,,ყველაზე რთული სამინისტროები ქალბატონებს ჩავაბარეთ’’

22 ნოემბერი, 2010 • • 1083
გილაური: ,,ყველაზე რთული სამინისტროები ქალბატონებს ჩავაბარეთ’’

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებსაც შეეხო და თქვა, რომ მთავრობამ ყველაზე რთული სამინისტროები ქალბატონებს ჩააბარა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი ამერიკაში საქართველოს ელჩი გახდება, თუ მთავრობის კანდიდატურა პარლამენტმა დაამტკიცა.

 ,,თემურის ადგილს დაიკავებს ქალბატონი ეკა ტყეშელაშვილი და უკვე სამი ქალბატონი გვეყოლება მინისტრათა კაბინეტში. ისე გამოდის, რომ ყველაზე რთული სამინისტროები ქალბატონებს ჩავაბარეთ – რეინტეგრაცია, ეკონომიკა, სასჯელაღსრულება’’, – ამბობს გილაური.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მადლობა გადაუხადა თემურ იაკობაშვილს მინისტრისა და შემდგომში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მუშაობისათვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

,,მისი სახელმწიფო მინისტრად მუშაობის პერიოდში, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა შედგენილი. ეს არის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი რეინტეგრაციასთან დაკავშირებით.  ამ დოკუმენტს ბევრ ქვეყანაში დიდი მოწონება აქვს მოპოვებული. ეს სწორედ ის სტრატეგია იქნება, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ თემურის წასვლის შემდეგ’’, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ამ თანამდებობის შეთავაზება.

,,ამაყი ვარ, რომ ამ ხალხთან მომიწია მუშაობა. იმიტომ რომ ერთი ადამიანის წარმატება შეუძლებელია, თუ მას მთელი გუნდი არ უჭერს მხარს. კიდევ ერთხელ მინდა ყველა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თუ ჩვენი მიმართულებით რაიმე წინსვლა იყო, ეს ყველას დამსახურებაა და იმედი მაქვს, რომ ასეთივე რანგის თანამშრომლობა გაგრძელდება ჩემს ახალ თანამდებობაზე’’, – განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

იაკობაშვილმა მთავრობის სხდომა უკვე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი