სინდისის პატიმარ საბა სხვიტარიძის მიმართ წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდა.
პროკურატურას მოუწია ეღიარებინა, რომ საბა სხვიტარიძეს ვერ ეცოდინებოდა, მირიან ქავთარაძე, პოლიციელი, ვისზე თავდასხმასაც აქამდე ედავებოდნენ, პოლიციელი იქნებოდა. მას ახლა არა პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებით, არამედ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. ეს დღევანდელ, 24 ივლისის სასამართლო სხდომაზე გაირკვა.
სასჯელი, რასაც ეს გადაკვალიფიცირებული მუხლი ითვალისწინებს, არის ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე.
არის თუ არა ეს პირველი გამარჯვება სინდისის პატიმრების საქმეებში? რას ნიშნავს ეს უკან დახევა ერთი კონკრეტული სინდისის პატიმრის საქმეში და რამ განაპირობა ის — მოუსმინეთ ადვოკატის შეფასებას:
პროკურატურა 24 ივლისის სასამართლო სხდომამდე ამტკიცებდა, რომ საბა სხვიტარიძე, აქტივისტი და პარტია „ახლის“ წევრი, 4 დეკემბერს პოლიციელ მირიან ქავთარაძეს თავს დაესხა (მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და რკინის ხელკეტით მიაყენა დარტყმები თავის არეში. ამ ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, საბას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
საბა სხვიტარიძე 5 დეკემბერს დააკავეს. დაკავებისას და შემდეგ, ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. დაკითხეს ადვოკატის გარეშე. საათების განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. ამასთან დაკავშირებით კი, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ფორმალურად დაწყებულია, პასუხისგებაში არავინ მიცემულა. საბა სხვიტარიძის განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ის ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მკაცრი რეჟიმის ციხეში, მაღალი რისკის მქონეებად შეფასებული პატიმრების კოლონიაში. მის განაჩენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიასგან სულ მალე უნდა ველოდოთ.
რა მოხდა სინამდვილეში 4 დეკემბერს: ქორთიარდ მარიოტიდან შეხვედრის შემდეგ გამოსულ ოპოზიციონერებს შავებში ჩაცმული არაიდენტიფიცირებადი და სამედიცინო პირბადიანი ხალხი დახვდა, აგრესიული განწყობით, ქცევითა და სიტყვებით. არ უპასუხეს კითხვებს, ვინ არიან და რა უნდათ. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ქალმა, თეონა ჭალიძემ ერთ-ერთ შავოსანს, რომელსაც „ტიტუშკად“ თვლიდნენ, თავიდან კაპიუშონი მოხადა. კაცმა მარჯვენა ხელით სახეში დაარტყა თეონა ჭალიძეს, მარცხენით კი კაპიუშონი ისევ დაიფარა. ამის შემდეგ ჩაერია საბა სხვიტარიძე და, როგორც თავად ამბობს, მოძალადე კაცი, რომელიც ქალს ურტყამდა, მოიგერია.
სწორედ ეს შავოსანი კაცი, სამოქალაქო ტანსაცმელში და პირბადით, კაცი, რომელიც არ ამჟღავნებდა თავის ვინაობას და ქალს ურტყამდა სახეში, მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციელი მირიან ქავთარაძეა და საბა სხვიტარიძეს სწორედ მისი ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან (თანაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით). კიდევ უფრო მოგვიანებით, უკვე სასამართლოში, მირიან ქავთარაძე დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ თეონა ჭალიძისთვის ხელი არ დაურტყამს და თეონა ჭალიძის სახისკენ მოქნეულ ხელს რომ ვხედავთ, ეს დარტყმას არ ნიშნავს.
საბა სხვიტარიძის საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია უძღვება. სასამართლოში 9 ივლისის სხდომაზე ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეოები გამოიკვლიეს. ნეტგაზეთის მკითხველს შეგიძლიათ თავად განსაჯოთ, ჰგავს თუ არა მირიან ქავთარაძე ვიდეოში პოლიციელს, ურტყამს თუ არა ხელს თეონა ჭალიძეს და თავადვე გასცეთ კითხვა ერთ-ერთ სხდომაზე საბა სხვიტარიძის მიერ დასმულ კითხვას: „თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემ ადგილას, თქვენ რომ თავს დაგსხმოდნენ და თქვენთან ერთად მდგომი ქალისთვის სახეში გაერტყათ, საფრთხე შეგქმნოდათ თქვენს მეგობრებს და თქვენ. თავს დაუხრიდით და არაფერს მოიმოქმედებდით? გაატარებდით ქალზე ძალადობას და გინებას?“
ამავე ვიდეოში მოუსმენთ საბა სხვიტარიძის ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილს და საბას დედას, ელენე ახობაძეს.
„საბას დაკავება და მისდამი მოპყრობა დაკავების შემდეგ, აშკარად შურისძიების ნიშნებს ატარებს — მიზნად ისახავს მისი დასჯით დაშინების ეფექტის შექმნას და სხვა მოქალაქეებზე გავლენის მოხდენას, რომ თავი შეიკავონ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისგან. მის საქმეში იმთავითვე ვლინდება ხელისუფლების მხრიდან უკანონო და შურისძიების შემცველი ქმედებები, რაც საერთო სურათის ნაწილია — სახელმწიფო მართლმსაჯულებას კრიტიკული ხმების ჩასახშობად იყენებს“, — წერს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International.
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ამ ვიდეოში მოუსმენთ საბა სხვიტარიძის მამას, რომელიც შვილის დაკავებას იხსენებს:
Amnesty International-ის კამპანიის შესახებ საბა სხვიტარიძის საქმეში სამართლიანობის მისაღწევად, წაიკითხეთ აქ:
Amnesty International-ის კამპანია საბა სხვიტარიძის ინტერესების დასაცავად
