„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრთან იქნება ანგარიშვალდებული.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, პირველი მოსმენით, 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.
დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას. ის არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.
ახალი ცვლილებებით, იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და სამსახურის დირექტორი სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს პრემიერ-მინისტრს. სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება ენიჭება პრემიერ-მინისტრს.
თავდაპირველად ინიციირებული კანონპროექტით იგეგმებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება, თუმცს კანონპროექტს პირველი მოსმენით იმ დათქმით იქნა მიღებული, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მმართველი კოლეგიური ორგანო და საბჭოსთან დაკავშირებული უფლებამოსილებები საერთოდ აღარ იარსებებს.
იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრთან იქნება ანგარიშვალდებული





