„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გიორგი ვაშაძეს ასევე დაევალა პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარებაც.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა, დღეს, 26 იანვარს მიიღო.

გიორგი ვაშაძემ ციხე 3 დღის წინ, 23 იანვარს დატოვა. მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7-თვიანი სასჯელი „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის მიუსაჯა.

როგორც  გიორგი ვაშაძემ განაცხადა,  გირაოს გადახდას აპირებს.

გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი ვაშაძის გარდა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით სამართლებრივი დევნა დაწყებულია ოპოზიციის კიდევ  7 ლიდერის მიმართ, მათ შორის: მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.