2026 წლის 26 იანვარს, გაეროში საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის განხილვის წინ, PEN საქართველო, PEN International და PEN ამერიკა კიდევ ერთხელ გამოხატავენ მწვავე შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფუნდამენტურ უფლებებსა და დამოუკიდებელ ხმებზე, მათ შორის კულტურის სფეროში, სისტემური თავდასხმების გამო.

ორგანიზაციები მოუწოდებენ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და მის წევრ სახელმწიფოებს, შეიმუშაონ კონკრეტული რეკომენდაციები, რათა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისროს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

PEN საქართველომ, PEN Internationalმა და PEN ამერიკამ მოამზადეს ერთობლივი ანგარიში საქართველოს შესახებ „უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის“ (UPR) ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2026 წლის 26 იანვრისთვის დაგეგმილი განხილვის წინ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2021-2025 წლებში საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო რეპრესიული კანონები, რომლებმაც მკაცრად შეზღუდა გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები, მწერლები, ხელოვანები და აქტივისტები დევნის, თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, რისთვისაც არავინ დასჯილა.

მათივე განცხადებით, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება გადარჩენის ზღვარზეა, კულტურული დაწესებულებები კი კვლავ განიცდიან მთავრობის ჩარევასა და დაშინებას.

„PEN-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ააშკარავებს იმ შოკისმომგვრელ სისწრაფესა და მასშტაბებს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ განსახილველ პერიოდში რეპრესიები განახორციელა. შემაშფოთებელია BBC-ის ბოლოდროინდელი სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს აკრძალული ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები — პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ნივთიერებების მსგავსი. თუმცა, დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების ნაცვლად, ხელისუფლებამ მიზანში ამოიღო ის ექსპერტები, ჟურნალისტები და სხვა პირები, რომლებმაც გაბედეს დოკუმენტურ ფილმში ჩვენების მიცემა; ასევე ვრცელდება ინფორმაცია BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყების შესახებაც. ჩვენ მოვითხოვთ რეპრესიების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მოვუწოდებთ გაეროს წევრ სახელმწიფოებს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად“, — განაცხადა ხათუნა ცხადაძემ, PEN საქართველოს პრეზიდენტმა.

„ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ გამოცდილ ჟურნალისტსა და სახაროვის პრემიის ლაურეატს, მზია ამაღლობელს, ასევე აღიარებულ პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს, რომლებიც არაერთხელ გახდნენ თავდასხმის ობიექტები მათი განსხვავებული შეხედულებების გამო და შემდგომში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით პატიმრობა მიესაჯათ. ჩვენ კვლავ ვითხოვთ მათ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ გაეროს წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ მწერლების კრიტიკულ როლს საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის საქმეში“, — აღნიშნა მა თიდამ, PEN Internationalის „მწერლები ციხეში“ კომიტეტის თავმჯდომარემ.

„საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობდა ქვეყნის აქტიური სახელოვნებო სფეროს დამოუკიდებლობის შელახვას, რათა კონტროლი დაემყარებინა მწერლებისა და ხელოვანების შემოქმედებაზე და გაეჩუმებინა კრიტიკული ხმები. სახელმწიფო კულტურული დაწესებულებების თანამშრომლები და ხელმძღვანელები გაათავისუფლეს თავიანთი პოზიციებიდან თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს კულტურის სექტორის დამოუკიდებლობას და შეწყვიტოს შურისძიება თავისუფალი აზრის გამო. გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოუწოდონ საქართველოს, გადაუხადოს კომპენსაცია და როდესაც ეს სამართლებრივად შესაძლებელი იქნება, აღადგინოს სამსახურში უკანონოდ დათხოვნილი კულტურის სფეროს მუშაკები. კულტურული ინსტიტუტები თავისუფალი უნდა იყოს სამთავრობო ჩარევისგან“, — განაცხადა ლიზლ გერნტჰოლცმა, PEN ამერიკის PEN/Barbey „წერის თავისუფლების“ ცენტრის მმართველმა დირექტორმა.