თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
3 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომაზე დღეს პირველად მივიდა.
დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მისი მმართველობის დროს მიღწეულ შედეგებზე და არსებული ვითარებიდან გამოსავალზე.
სააკაშვილის თქმით, დღეს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მაფიოზური სტრუქტურა მართავს. მისი თქმით, ივანიშვილის დასამარცხებლად გამოსავალი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაა.
გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას დღევანდელი, 22 იანვრის, სასამართლოს სხდომიდან:
„ჯერ ერთი, მინდა მოგესალმოთ დიდი ხნის უნახავ, ჩემს მონატრებულ თანამებრძოლებს, მეგობრებს. ვხედავ ასევე ჩემთვის უცხო ადამიანებსაც და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომენატრეთ. სამ წელიწად- ნახევარია არ ვყოფილვარ ამ სასამართლოზე და ამჯერად გადავწყვიტე მოსვლა იმიტომ, რომ შეგხვედროდით თქვენ და გვესაუბრა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე…
დღეს არის ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს ისტორიის. დიქტატურამ ჩამოაფარა ფარდა ჩვენს და თავისუფალ სამყაროს შორის. ყვარყვარეს ციხე გადაჭედილია, საზოგადოებაში დასადგურებულია უიმედობა, სასოწარკვეთილება, მაგრამ მე მოვედი, რომ გითხრათ: იმედი არის და თავისუფლება და ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა.
რეჟიმი იზოლირებულია არა მხოლოდ ცივილიზებული სამყაროსგან, მათ შორის ჩვენი მეზობლებისგან, არამედ ოკუპანტი რუსეთისგანაც კი, რომელსაც ის ყველანაირად ბაძავს და ცდილობს, რომ ასიამოვნოს.
ერთადერთი, რაზეც დგას დიქტატურა, არის ინერტულობა და შიში. ჩვენც, რუზველტს რომ დავესესხოთ, მხოლოდ ერთი რამის შიში უნდა გვქონდეს და ეს არის თავად შიში. ვინაიდან ერთ მხარეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და სრული დაუნდობლობა, აქედან მხრიდან უნდა დაუპირისპიროთ უკიდეგანო გამბედაობა, რომლის მაგალითიც უკვე გვაჩვენეს დატყვევებულმა ახალგაზრდებმა. მე შევეცადე ამის მაგალითი მომეცა: ზღვა გადავცურე, მომწამლეს, მიწაზე მათრიეს… ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილთან და ახლაც ყოველდღიურად ვრისკავ ჩემს სიცოცხლეს.
მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო სიგიჟესთან გვაქვს საქმე. მთელი ერი მძევლად ვყავართ აყვანილი ერთ მძიმედ დაავადებულ სუბიექტს, რომელმაც საკუთარი მთავარი ვეზირი, რომელსაც პრემიერ-მინისტრს უწოდებდა, ციხეში გაგზავნა. გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი და მისივე დანაშაულების თანამონაწილე დაეჭირა, აჭარაში დასმული ვასალი გაიმეტა სასიკვდილოდ. ამ ტიპაჟმა მოწამლა ხალხი და მომწამლა მეც. ვინც თვალში ცუდად მოხვდა საკუთარ ბიზნესპარტნიორებს შორის, ალპობს ციხეში და ზებრა დასვა პრეზიდენტად.
მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ რეალურად ეს არის მაფიოზური სტრუქტურა. რა არის მაფიოზის, ბოსის მთავარი ამოცანა? – ყველა ამყოფოს შიშში, მოსახლეობა ამყოფოს შიშში და განსაკუთრებით თავისივე კლანის წევრები მუდმივად ამყოფოს შიშში. არაფერი ახალი არ ხდება საქართველოში, ეს არის კლასიკური, მაფიოზური სისტემა იმ ადამიანის მიერ ჩამოყალიბებული, რომელიც 90-იან წლებში იყო „იმერეთისკაია მაფიის“ ე.წ. კასირი. მას შემდეგ, რაც მოკლეს კვანტრიშვილი, მისი ფულიც დაისაკუთრა და ამ ფულით მოვიდა პოლიტიკაში. ჩვეულებრივი, კრიმინალური, რუსული 90-იანი წლების მაფიოზური კლანი.
ამან შეუძლებელია დიდ ხანს გასტანოს. თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, რაც ნიშნავს, რომ დავძლიოთ შიში და ამავე დროს ვთქვათ შეუელამაზებელი სიმართლე, ბევრისთვის შეიძლება მწარე სიმართლე. სიმართლე კი ის არის, რომ ვარდების რევოლუციის რეფორმებს ძალიან ბევრმა ვერ აუწყო ფეხი. ჩვენ დავეჯახეთ დამპყრობლების მიერ დამკვიდრებულ „ქართულ ჯიგრულ პონტს“ და სინამდვილეში მონურ ფსიქოლოგიას, ფსიქოლოგიას კორუფციის და კრიმინალის, ნეპოტიზმის სუბკულტურას. ამ დაჯახების დროს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შედეგები იყო, მათ შორის ჩვენთვის.
ჩვენ რეალურად მოვახდინეთ მენტალური რევოლუცია და ამ მენტალურ რევოლუციას დაუპირისპირდა ეს ყაჩაღური კლანი. შემოვიღეთ პრინციპი კანონის წინაშე თანასწორობის და ძალიან ბევრს არ მოეწონა. მაშინ, მაგალითად, ლევან ბერძენიშვილმა მისაყვედურა, რომ სააკაშვილს საქართველოში დანიის გაკეთება უნდა და ეს არანაირად არ გამოვაო. თუ ეს არ გვინდა, თუ არ გვინდა, რომ ცივილიზებული და თანამედროვე ქვეყანა ვიყოთ, მაშინ განწირული ვართ სიღარიბისთვის, უბედურებისთვის და მუდმივი გაუსაძლისი არსებობისთვის და ერთი ფეოდალიდან მეორის ხელში გადავალთ, ერთი ბანდიტიდან მეორის ხელში გადავალთ.
სწორედ ჩემი რეფორმებისთვის ამ მოუმზადებლობამ გამოიწვია მრავალწლიანი ბიპოლარული აშლილობა, რომელიც გამოიხატება ლოზუნგებში: „არც ნაცი, არც ქოცი“, რაც ნიშნავს, რაც ნიშნავს „ქოცს“; „არც მიშა, არც ბიძინა“, რაც ნიშნავს ბიძინას და შემდგომ მონობას.
კანონის წინაშე თანასწორობა ის არის, რომ როდესაც ტრასაზე ჩამოქროლებს 200 000- დოლარიანი მანქანაზე მჯდომი 17 წლის გოგო, რომელსაც კამერები არ აჯარიმებს, განსხვავებით ყველა თქვენგანისგან, აი, ეს არის უთანასწორობა, ეს დაგვინერგეს ჩვენ… ესეც არის მონობის ერთ-ერთი ფორმა.
გთავაზობენ „ქართულ ჯიგრულ პონტში“ არსებობის გაგრძელებას, არც ქიცი, არც ქიცმაცური და ა.შ. ეს ყველაფერი არის დიდი უბედურების წყარო. მე რომ თანამდებობას არ ვეკიდები, იცით, სად ჩანს? – 2012 წელს ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და არ ვრჩებოდი 2007 წელს, რაზეც დღეს არის ე.წ. პროცესი. პატარკაციშვილი, რომელიც იყო რუსი კრიმინალი ოლიგარქი, მისი დაფინანსებით და ქართველი კანონიერი ქურდების… დაფინანსებით მოეწყო თბილისში აქციები, ამის შემდეგ გადავდექი პრეზიდენტობიდან და ჩემი ბედი გადავაბარე ქართველ ხალხს და ამომრჩეველს.
და მაინც, უნდა ყველამ დავუსვათ ჩვენს თავს კითხვები:
- იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო მდიდარი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
- გავიდოდა თუ არა ქვეყნიდან 700 000 ადამიანი და დაბრუნდებოდა თუ არა გასულების თუნდაც ნაწილი მაინც უკან, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
- იარსებებდა თუ არა ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობები, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
- იქნებოდა თუ არა საქართველო განუზომლად უფრო მაგარი ქვეყანა საცხოვრებლად, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო და მოვატანინებდი თუ არა უკან თითოეულ მოპარულ თეთრს, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
- იქნებოდა თუ არა საქართველო აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ყველაზე ახლო მეგობრებს შორის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
- დაუბრუნდებოდა თუ არა ხალხს ყველა მოპარული თეთრი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
- იქნებოდა თუ არა საქართველოში თითქმის 800 000 სოციალურად დაუცველი, როგორც ახლა, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
- ექნებოდა თუ არა საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაცია, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
აქ საუბარია სწორედ კურსის გაგრძელებაზე და არა ჩემი მმართველობის და ჩემი თანამდებობაზე ყოფნის გაგრძელებაზე. და ეს არის, ეს ეხება ასევე ჩვენ მომავალსაც. ამ კითხვებზე პასუხი არის ჭეშმარიტება, ყველაფერი დანარჩენი არის პროპაგანდისტული ნისლი და რუსულ-ქოცური ნარატივის განმეორება, ამ ბიპოლარული აშლილობის გამოვლინება.
სიმართლე ისაა, რომ გარდა იმ გაუბედურებული, ნამუსახდილი და ნამუსდაკარგული ადამიანებისა, ვინც, მაგალითად, გაფორმებულია ააიპ-ებსა და სიპ-ში და იღებს 350 ლარს, მიშტერებულია „იმედს“ და იმეორებს, რომ ევროპა გვრყვნის, როგორც ის ეპოქა სისხლიანი 9 წელი იყო, ან ჯიუტად იმეორებს, „არც ისინი ვარგიან, მაგრამ არც ესენიო“… გუშინ აჩვენეს, რომ ამბროლაურში, რაჭიდან, მოსახლეობის ორი მესამედია გასული, ის მიგდებული თანხა ძლივს ჰყოფნის და ხორცს მაინც ვერ ყიდულობს, ინფრასტრუქტურა მთლიანად მორღვეულია და ინტერვიუს დროს ამტკიცებს: „ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი კარგად არის“… მაგრამ ესენი არიან რამდენიმე პროცენტი მხოლოდ და უნდათ, რომ ყველანი ასეთები ვიყოთ.
არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ყველაფერში მშვენივრად გარკვეულია და მხარს უჭერს ჩემს კურსს, იმიტომ, რომ თავის ცხოვრებაში იმ 9 წელზე უკეთესი არც არაფერი უნახავს და არსებობს ასევე ახალი, მიშას თაობა, ასპარეზზე ახლა გამოსული, რომელიც ძალიან პატარა იყო მაშინ, ვესალმები ყველანაირად და ჩვენს გმირ პოლიტიკურ პატიმრებსაც მივესალმები. ეს ახალი თაობა სულ უფრო უკეთ ერკვევა მაშინდელი რევოლუციური რეფორმების მნიშვნელობაში და აღარ ჭამს რუსულ-ქოცურ პროპაგანდისტულ კლიშეებს.
არსებობს მდუმარე უმრავლესობა, რომელიც ორივე მხრიდან დააკომპლექსეს ჩემი სახელის ხსენებაზე, მაგრამ ძალიან სწრაფად თავისუფლდება ამ კომპლექსისგან.
მე ბევრი ვისაუბრე წარსულზე, მაგრამ მე არ გეპატიჟებით წარსულში. მე თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის და უკვე ვხედავ მომავალს, რომელშიც მე არცერთი თანამდებობა არ მინდა, მაგრამ მინდა დაფასდეს შრომა უამრავი გამოცდილი პატრიოტი ადამიანის და მასთან ერთად განსაკუთრებული როლი უნდა მივაკუთვნოთ ახალგაზრდობას, რომლის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზადაა და ღირსია ქვეყნის მმართველობაში მოსვლის. მიხარია, რომ აქაც, ამ დარბაზში, ვხედავ ახალგაზრდების მეტწილად უცნობ სახეებს და ვიცი, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს.
მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში. მე საბრძოლო ფორმაში ვარ, ძალიან დიდ მხარდაჭერას და ენერგიას ვგრძნობ ხალხისგან და მზად ვარ, ხელახლა მივიღო მონაწილეობა საქართველოს უმძიმესი კრიზისიდან ამოთრევაში, ჩემი გამოცდილებით და კავშირებით. თქვენ კი, ახლა უკვე თქვენ გააგრძელეთ ჩემი ხელით ჰიმნში ჩაწერილი სიტყვის „თავისუფლება“ თქვენი ხელით დაწერა…
ამიტომ, დღეს საუბარი იმაზე, რომ უნდა ვიყოთ თუ არა ერთიანები, საერთოდ ზედმეტია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და ვისაც ჯერ კიდევ ჰგონია და უხარია, რომ „აი, ჩემმა პარტიამ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ცოტა მეტი პროცენტი მიიღო“, იმას საერთოდ ვერაფერი ვერ გაუგია და არანაირი პოლიტიკური მომავალი არა აქვს. ვინც დღემდე მსჯელობს, რომ საერთო საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ, რა დროს პარტიების გაერთიანებაა, ის საერთოდ ვერ გრძნობს საზოგადოების მაჯისცემას, მეგობრებო.
მხოლოდ ახლა ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება. რაზე ვკამათობთ? რა სტრატეგია და საერთო პრინციპები და „ჩვენ განვსხვავდებით…“ რითი განვსხვავდებით, გარდა იმისა, რომ ყველას სათითაოდ გვჭამს და ყველანი ვყავართ მენიუში შეყვანილი შესაჭმელად.
ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ, რა არის ჩვენი მომავალი და ამაზე დავასრულებ: ერთი მხრივ, იქით მხარეს არის ფული, ტყუილი, უტიფრობა, დაუნდობლობა, უკიდეგანო უნიჭობა, ჭაობი. აქეთ, ჩვენს მხარეს არის სიმართლე, გამბედაობა, პატიოსნება, ნიჭიერება, ახალგაზრდობა და მომავალი.
საქართველო არის დასახლებული წარმოუდგენლად ნიჭიერი ხალხით. ის, რაც ხდება, ეს არის, რომ დაბალმა სუბკულტურამ, ისარგებლა რა ჩვენი მენტალური შეჯახებით, გაიმარჯვა დროებით და თავზე მოაჯდა საქართველოს. ეს არის ბიძინა სასტიკის და მისი ბარბაროსების მიერ რუსების მხარდაჭერით დაპყრობილი ქვეყანა. სადაც ყველაზე უნიჭო, ყველაზე უბადრუკი, ყველაზე გაუნათლებელი, ყველაზე უუნარო ხალხი, ყველაზე ვერაგი და ყველაზე მატყუარა თავზე მოაჯდა ქართულ საზოგადოებას.
ამიტომ, ეს ჩვენ უნდა ყველამ ერთად ჩამოვიბერტყოთ. პატიოსნება ამარცხებს ფულს. სიმართლე ამარცხებს უტიფრობას, ტყუილს და გამბედაობას, ნიჭიერება ამარცხებს უნიჭობას, გამბედაობა ამარცხებს დაუნდობლობას, ახალგაზრდული ენერგია ამარცხებს წარსულის ჭაობს.
რაც შეეხება უკრაინას: მე ბოლოჯერ ამ დარბაზში ვიყავი მაშინ, როცა რუსული ჯარები იდგნენ კიევთან. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: ვინაიდან ვერ შეძლო რუსეთმა კიევის დაპყრობა, ვინაიდან ვერ შეძლეს მათ ვერც ერთ სტრატეგიულ ქალაქში შესვლა, ვერც ერთი დიდი ქალაქის აღება და ვერც უკრაინის უმეტესი ნაწილის აღება, რუსეთი არის უკვე დამარცხებული. ახლა არის ბოლო ბორძიკი ამ ქვეყნის. კი, დენი ჩაბნელებულია მთელ უკრაინაში, მაგრამ საქართველოსაც ჰქონდა ჩაბნელებული. უკრაინელები ძალიან გამძლე ხალხია და იმიტომ , რომ სითბო და დენი არ აქვთ, ვერავინ ვერ დაამარცხებს. მაგრამ რუსეთი, რომელიც ამ ზამთრის შედეგად ვერ მიიღებს უკრაინის დაჩოქებას, არის უკვე დამარცხებული. იმიტომ, რომ ოთხ წელიწადში, ეს ომი უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე საბჭოთა კავშირის და გერმანიის ომი. საბჭოთა კავშირმა აიღო ბერლინი და თითქმის მთელი ევროპა. ამათ ვერ აიღეს ვერაფერი, დონბასიც კი ვერ აიღეს ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ ესენი არიან დამარცხებული. რადგან არიან დამარცხებული, ჩვენ ყველანი ვიქნებით გამარჯვებული.
ამიტომ, იმარჯვებს ქართული საზოგადოება, იმარჯვებს ჩვენი მებრძოლი სულისკვეთება, იმარჯვებს ჩვენი ენერგია და იმარჯვებს უკრაინა!
სლავა უკრაინი! დიდება საქართველოს!
ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
7 ნოემბრის ამ საქმეს მოსამართლეები, ნინო ელიეშვილი, მაია ქოქიაშვილი, ლაშა კლდიაშვილი წარმართავენ. სააკაშვილის გარდა, ბრალდებულები არიან: დავით კეზერაშვილის, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი.
დარბაზი ტაშით შეხვდა მის სიტყვებს. მოსამართლეებსა და მანდატურებს, განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, ეს არ აღუკვეთიათ. სააკაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. დარბაზი დატოვეს მისმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, გულშემატკივრებმა, პარტიის წევრებმაც. სხდომა მხოლოდ ადვოკატების დასწრებით გაგრძელდა.
