ახალი ამბებისაზოგადოება

4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან — როგორ ვერ შეძლეს მათ მოსამართლის გადარწმუნება

22 იანვარი, 2026 •
4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან — როგორ ვერ შეძლეს მათ მოსამართლის გადარწმუნება

დღეს, 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძესთან 4 ოქტომბრის საქმეებიდან 10-პირიანი საქმის მორიგი სხდომა გაიმართა.

ბრალდებულების ამ ჯგუფში შედიან ე.წ. „საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე. ასევე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ირაკლი შაიშმელაშვილი და გური ჟვანია. სხდომას პაატა ბურჭულაძე არ დასწრებია.

სასამართლომ სავალდებულო წესით გადასინჯა მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. ირაკლი შაიშმელაშვილი მიმალვაშია და მას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

პროკურატურის სტანდარტული პოზიცია იყო, რომ ბრალდებულთა მხრიდან არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რაც სასამართლომ გაიზიარა და უგულებელყო ბრალდებულების, ადვოკატების პოზიცია, მათ შორის გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულების გათავისუფლებაზე შუამდგომლობა განაჩენის გამოტანამდე.

რა თქვეს ბრალდებულებმა, სანამ მოსამართლე მათი პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, როგორ სცადეს და ვერ შეძლეს მისი გადარწმუნება:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

მართლა გამიხარდებოდა, ერთ პაატა მანჯგალაძეს რომ შემეძლოს 100 000-ობით ადამიანის გარეთ გამოყვანა. მე თვითონ რომ მეთქვა, ჩემი ორგანიზებული იყო ის აქცია-მეთქი, ვიქნებოდი თვითმარქვია. ვიყავი, როგორც ერთი რიგითი ადამიანი, როგორც მანამდე ყველა აქციაზე, სადაც მშვიდობიანად გამოხატავდა ხალხი პროტესტს.

ყოფილი მთავარი პროკურორი 2009-2012 წლებში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა:

პაატა მანჯგალაძის მომენტი მინდა გამოვყო, არაფერ შუაში მყოფი ადამიანი თუ არსებობს ბუნებაში, არის პაატა. აბსოლუტურად იგივეა ლაშას და ირაკლის შემთხვევაც, მაგრამ პაატას შემთხვევა კიდევ უფრო განსაკუთრებულია, ჩვეულებრივ, როგორც აქციაზე მოვიდა ნანული დეიდა და გურამი ბიძია, ისევე მოვიდა ის აქციაზე და ისევე წავიდა…

თუ რამე არსებობს, ეს კაცი, წესით და რიგით, იმ კარიდან უნდა შემოდიოდეს ამ პროცესებზე… ბოლოს უნდა გაამართლოთ კიდევაც… მაგრამ ამ ეტაპზე მართლაც არანაირი ფორმალური, არაფორმალური, პირდაპირი, ირიბი — არაფერი არ არსებობს. [პაატა მანჯგალაძე არ ფიგურირებს არსად ორბელიანების სასახელსთან].

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე:

ჩემი, როგორც პოლიტიკოსის განცხადებები, მოწოდებები არც კანონს გასცდენია და არც ჩემს კონსტიტუციურ უფლებასა და თავისუფლებას. ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩანაწერს, რამდენიც არ უნდა წარმოადგინოთ, რომ სადმე მე ვინმეს ძალადობისკენ მოვუწოდებდე. დანარჩენი, რა განცხადებებიც მქონდა, კიდევ განვიხილოთ და კიდევ ვნახავთ, რომ ყველგან იყო სიტყვა „მშვიდობიანი“ და „არაძალადობრივი“.

პროკურორს წამოსცდება ხოლმე, პრობლემა არის ის, რომ თურმე ნეგატიურად ვართ განწყობილი, არ ვიზიარებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, მის განცხადებებსა და მის პოლიტიკას. ჩვენ ვართ ოპოზიციაში, არ დაგავიწყდეთ! მე მესმის, შეიძლება ისეთი ოპოზიციონერებიც არიან, რომლებიც იზიარებენ, იწონებენ და ნახევარი ფეხით ბიძინა ივანიშვილთან არიან, მაგრამ დიახ, ჩვენი პოზიცია იყო და არის, რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკოთ და ნეგატიურად ვიყოთ განწყობილი.

ფეისბუქ პოსტების გამო აკავებენ ადამიანებს, ტროტუარზე დადგომის გამო აკავებთ, წინა სინდისის პატიმრები დაკუჭული ქაღალდის სროლის გამო გყავთ დაკავებული… ცხრა-ცხრა თვე მიუსაჯეს პოლიტიკოსებს, რომლებიც არალეგიტიმურ პარლამენტში რაღაც გაურკვეველი ღალატის კომისიაზე არ მივიდნენ.

საზოგადოებისთვის კი არ ვართ ჩვენ საფრთხე, გარეთ რომ გამოგვიშვან, რეჟიმი ფიქრობს, ჩვენ მათთვის ვართ საფრთხე. პროკურორიც ასე ფიქრობს, ნეგატიური დამოკიდებულება  თუ გაქვს რეჟიმის მიმართ, ეს არის საფრთხე, ეს არის დანაშაული და ხმა აღარ უნდა ამოიღო, უნდა ვიყოთ ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კომუნისტური დიქტატურული რეჟიმები, სადაც არც სიტყვის თავისუფლებაა, არც სამართალი, არც დემოკრატია, არც კეთილდღეობა, არც ევროპული მომავალი. უნდა გავხდეთ ერთი რუსული გუბერნია.

ჩვენ შეიძლება რეჟიმის წინაშე ვართ დამნაშავეები, მაგრამ ჩვენი წინაპრების წინაშე, მომავალი თაობების წინაშე… მე 4 შვილის მამა ვარ, არ შემრცხვება ამ ადამიანებთან და არც იმათთან, ვინც ახლა ქუჩაში დგას და იბრძვის, ჩემს თანამებრძოლებთან და თანამოაზრეებთან. გავა დრო და ისტორია შეაფასებს, ვინ ვიყავით მართლები, ვინ ვიყავით ის ადამიანები, ვინც ვიბრძოდით მაშინ, როდესაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პუტინის გამოტანებული მილიარდებით ამ ქვეყანას არუსებდა.

თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთი ბარის თანამშრომელი დაკავებამდე, თორნიკე მჭედლიშვილი:

მომხდარიდან ორი დღის მერე დამაკავეს. მეუბნებოდა ზოგი, რატომ გადაარჩინე პოლიციელიო [თორნიკე მჭედლიშვილი, მისივე მონაყოლით, არაერთ ადამიანს დაეხმარა ორბელიანების სასახლესთან არეულობისას, მათ შორის, პოლიციელს], ზოგი იმასაც მეუბნებოდა, ყოფილიყავი შენთვის, სად მიდიოდიო. ერთი გაჭირვებული აქეთ გამოვწიე, ერთი დავარდნილი დროშა შევამჩნიე, სრულ გაურკვევლობაში აღმოვჩნდი. ის მოსაზრებები, რომ მე ვინმე არ უნდა გადამერჩინა… ჩემთვის მთავარი ერთი რამეა, იქ რომ მოვხვდები, ზეცაში, იქ არ შევრცხვე. არასდროს არ მქონია პოლიტიკასთან შეხება, ჩემი შეხება შემოიფარგლება ტელევიზორის ყურებით.

აქტივისტი, რომელიც დაკავებამდე თავს და ოჯახს ტაქსის მძღოლობით არჩენდა — ირაკლი ჩხვირკია:

„ჩემ წინააღმდეგ არ არის არცერთი მამხილებელი მტკიცებულება საქმეში… რატომ უნდა მივიმალო, რისი უნდა შემეშინდეს?! ერთადერთი 6-წამიანი კადრი, სადაც თვალი მეწვის, ხელს ვიქნევ და შველას ვითხოვ.

თუ ირაკლი ჩხვირკიას იმხელა გავლენა აქვს, რომ მე, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, დავაორგანიზებ 100 000 კაცს და კიდევ მოვარღვევ იმ ღობეს, მაშინ ციხიდანაც იგივე საფრთხეს წარმოვადგენ და პირდაპირ გამომიტანეთ დახვრეტა ან პირის ამოკერვა, ან რაღაც ისეთი, რომ ხმა ვეღარ ამოვიღო და საერთოდ აღარ გამოვჩნდე საზოგადოებაში. სასამართლოზეც ამიკრძალეთ მოსვლა, თუ ასეა…

უსამართლობა იქნება ჩემი დატოვება წინასწარ პატიმრობაში…

ერთადერთი მტკიცებულება [ვიდეო] გამოკვლეულია, დაკითხულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი, მე რომ დასკვნით სიტყვებამდე არ მოვიდე, საქმე აღარ მაქვს.

…სახლში მელოდება ორი მოხუცი, ორივე ერთმანეთს უვლის და ვერც უვლის. 63 წლის პირველი ჯგუფის ინვალიდი დედა და 87 წლის მეორე ჯგუფის ინვალიდი ბებია. ომის ვეტერანები ორივე, სამედიცინო მუშაკები. ბოლო წუთამდე ომში იყვნენ და საქართველოს, ქართველი ჯარისკაცების, მებრძოლების გვერდით იყვნენ. ასეთ ოჯახში ვარ, ორი მოხუცი მელოდება სახლში, მეტი მე არავინ არ მყავს…

რაც შეეხება გირაოს, უახლოეს წარსულში, დღეების წინ, ხელისუფლების მაღალჩინოსნები კორუფციაზე, ქართული ჯარის , ბავშვების ფულის მიტაცებაზეე იყვნენ და გირაო შეუფარდეს. ამხელა თანამდებობის პირებს ჩემზე 10 000-ჯერ მეტი შესაძლებლობა აქვთ, გაანადგურონ მტკიცებულებები, დაელაპარაკონ მოწმეებს ქართულ-ჯიგრულ პონტში და რაღაცები გადაათქმევინონ. ამათ გირაო შეუფარდეს, გარეთ დადიან. თუ დიდი თანხაა სასამართლოსთვის შემაკავებელი განმეორებით დანაშაულის ჩადენისა, მაშინ თქვენი შეხედულებიდან გამომდინარე, 5 000-დან 100 000-მდე რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით, ირაკლი ჩხვირკიას გააჩერებს, აქციაზე აღარ გავა და რევოლუციას არ მოაწყობსო, იმდენი შემიფარდეთ. მე არც 5000-ის საშუალება მაქვს და არც 100 000-ის, მაგრამ რაღაცა იქნება, ბატონო მოსამართლევ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე:

ადამიანურად მინდა მოგიწოდოთ, ესენი მაინც, თორნიკე [მჭედლიშვილი], გური [ჟვანია], ირაკლი [ჩხვირკია], ნიკა [გვენცაძე] გავიდნენ გირაოთი და იარონ ჩვეულებრივ პროცესზე. არაფერს ვითხოვ. ეს ხალხი, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ბრალდებასთან, როგორც ჩვენ, მაგრამ არც პოლიტიკური შემადგენლობაა მათთან მიმართებით, გაუშვით. ჩემთან დაკავშირებით არაფერს გთხოვთ.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ აღნიშნა, რომ ის ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენა-არჩადენაზე ახლა არ მსჯელობს, სამართლებრივად, საქმის განხილვის ამ ეტაპზე მსგავსი მსჯელობის საშუალება მას არ აქვს და ბრალდებულები რჩებიან პატიმრობაში. არ არის გამოკვეთილი ახალი გარემოება, რაც მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

რას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეთაგან 10-პირიანი საქმის ბრალდებულებს:

  • პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს ედავებიან: 1) სტრატეგიული ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას; 3) სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
  • ლაშა ბერიძეს ედავებიან: 1) ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
  • პაატა მანჯგალაძესჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
  • ირაკლი შაიშმელაშვილსსახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
  • თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიასა და ნიკა გვენცაძეს — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.
  • გური ჟვანიას — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი