ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი თანამდებობიდან გადადგა.

როგორც Reuters წერს, ამ გადაწყვეტილებამ გააძლიერა ვარაუდები იმის შესახებ, რომ რუმენ რადევი საკუთარ პოლიტიკურ პარტიას შექმნის და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიიღებს, მას შემდეგ, რაც წინა მთავრობა გასულ თვეში გადადგა.

რადევმა, რომელსაც მეტწილად სიმბოლური პოსტი 2027 წლის იანვრამდე უნდა დაეკავებინა, აღნიშნა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს სამშაბათს წარუდგენს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც ნოემბრში უნდა ჩატარდეს, რუმენ რადევს შეცვლის ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა.

„რადევი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ბულგარეთის ბოლო ნაბიჯებს ევროზონაში გასაწევრიანებლად და უკრაინის ომთან დაკავშირებით კრემლისადმი კეთილგანწყობილი შეხედულებებით გამოირჩევა, პირველად პრეზიდენტად 2016 წელს, ხოლო მეორედ 2021 წელს აირჩიეს. თუმცა მისი პოლიტიკური ამბიციები გაიზარდა და იგი დიდი ხანია განიხილავს საკუთარი პარტიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას“, -წერს Reuters.

როგორ Reuters წერს, რადევის გადადგომა მოსალოდნელი იყო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე — ბულგარეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მერვე საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია. ფრაგმენტირებული პარლამენტის პირობებში არჩევნებში გამარჯვებულმა ძალებმა ვერ მოახერხეს უმრავლესობის მოპოვება ან მყარი კოალიციების შექმნა.

ბოლო კოალიციამ თითქმის ერთი წელი გაძლო, სანამ დეკემბერში ახალი ბიუჯეტისა და მასშტაბური კორუფციის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო აქციებმა გადადგომამდე არ მიიყვანა. არჩევნები უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. ანალიტიკოსებისა და დასავლელი დიპლომატების თქმით, ამ პერიოდში რადევს, საჰაერო ძალების ყოფილ სარდალს, არაერთხელ მოუხდა დროებითი მთავრობების დანიშვნა, რამაც მისი გავლენა და პოლიტიკური ამბიციები კიდევ უფრო გაზარდა.