ირანის სასამართლო უარყოფს, რომ დაკავებული დემონსტრანტის, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა ჰქონდა დაგეგმილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქურთულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაცია „ჰენგაუმ“, რომელიც ნორვეგიიდან ფუნქციონირებს, კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ როგორც 26 წლის ერფან სოლტანის ოჯახს შეატყობინეს, ახალგაზრდა კაცს ოთხშაბათს, დაკავებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, სიკვდილით დასჯიდნენ.
ოთხშაბათს „ჰენგაუმ“ ისევ ოჯახზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სოლტანის სიკვდილით დასჯა „გადაიდო“, თუმცა აღნიშნეს ისიც, რომ მის სიცოცხლეს კვლავაც ემუქრება „სერიოზული და განგრძობადი საფრთხე“.
როგორც ირანის სახელმწიფო მაუწყებლობა (IRIB) ირანის სასამართლოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, სოლტანის ბრალად ედება „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულება“ და „ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდისტული საქმიანობა“, რაც სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.
ირანის სასამართლო აცხადებს, რომ უცხოური მედიაორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოლტანის სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, „ახალი ამბების ფაბრიკაციის აშკარა მაგალითია“. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ადამიანების ჩამოხრჩობა „არც იგეგმებოდა“.
ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი, რომ თუ პროტესტის მონაწილეებს სიკვდილით დასჯიდა, აშშ „ძალიან მკაცრ ზომებს“ მიიღებდა. ოთხშაბათს ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მეორე მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანმა წყაროებმა“ აცნობეს, რომ „ირანში მკვლელობები ჩერდება და სიკვდილით დასჯა არ იგეგმება“.
„ჰენგაუმ“ BBC-ს განუცხადა, რომ სოლტანის ადვოკატთან წვდომა შეუზღუდეს და მისმა ოჯახმა მის წინააღმდეგ წაყენებული ოფიციალური ბრალდებების შესახებ არაფერი იცოდა.
ოჯახის თქმით, სოლტანი, რომელიც ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელია, გასულ ხუთშაბათს საკუთარ სახლში დააკავეს თეირანის დასავლეთით, ქალაქ ფარდისში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. თუმცა, სასამართლოს განცხადებით, იგი შაბათს, „არეულობების“ დროს დააკავეს და მეზობელ ქალაქ ქარაჯის ციხეში იმყოფება.
ირანის უზენაესი მოსამართლე „მეამბოხეების“ სწრაფად გასამართლებისა და დასჯის მომხრეა.
მიმდინარე არეულობა, რასაც ბიძგი მისცა მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა, ფასების ზრდამ, ვალუტის გაუფასურებამ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ირანის ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი შიდა გამოწვევაა.
პროტესტი სწრაფად მოედო მთელ ქვეყანას და ირანის სასულიერო ხელისუფლების, განსაკუთრებით კი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ შეტრიალდა. დემონსტრანტებისგან ისმის შეძახილები: „სიკვდილი დიქტატორს“ და „ხამენეი წელს დაემხობა“.
ირანის სასულიერო ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყანას 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მართავს, დემონსტრაციების მიმართ ორმაგი მიდგომის გამოყენება სცადა: მათ ეკონომიკური პრობლემების გამო გამოწვეულ პროტესტს ლეგიტიმური უწოდეს, პარალელურად კი, უსაფრთხოების ძალების მეშვეობით მკაცრ დარბევებს მიმართეს.
კომუნიკაციის შეზღუდვებმა, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტის სრულმა გათიშვამ, ირანიდან ინფორმაციის გავრცელება შეაფერხა. გასული კვირის განმავლობაში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი ღამის შეტაკებების ამსახველი ვიდეოკადრები — რომელთაგან რამდენიმე გადამოწმებულია სააგენტო Reuters-ის მიერ — აჩვენებს სასტიკ დაპირისპირებებს იარაღიდან სროლის, დამწვარი ავტომობილებისა და შენობების ფონზე.
„ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტოს“ (HRANA) მონაცემებით, არეულობის დაწყებიდან მოყოლებული სულ მცირე 2 435 დემონსტრანტია მოკლული. დახოცილებს შორის არის 13 ბავშვი. მოკლულია 153 ადამიანი, რომელიც უშიშროებასთან ან მთავრობასთან იყო დაკავშირებული. სააგენტოს ცნობით, ასევე დაკავებულია კიდევ 18 470 დემონსტრანტი.








